მადრიდის „რეალის“ ნორვეგიელი ნახევარმცველი მარტინ ედეგორი იჯარის წესით ლონდონის „არსენალში“ ითამაშებს, – იტყობინება ინგლისური კლუბის პრესსამსახური.
გარიგება 2020-21 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში. „არსენალში” 22 წლის ფეხბურთელი მე-11 ნომრით ითამაშებს.
„ძალიან კარგია, რომ შევძელით მარტინის გადაბირება სეზონის ბოლომდე, – განაცხადა „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ. – მას ყველა კარგად იცნობს. მარტინი დაამატებს ვარიანტებს შეტევაში. მოხარული ვართ, რომ მაისამდე ის ჩვენი გუნდის ნაწილი იქნება“.
ედეგორი „რეალის“ ფეხბურთელი 2015 წლის იანვარში გახდა. 2017-18 წლების სეზონიდან მოყოლებული, ის იჯარით ნიდერლანდების „ჰერენვენსა” და „ვიტესში“, აგრეთვე, „სოსიედადში“ თამაშობდა. ამ სეზონში მან ცხრა მატჩი ჩაატარა „რეალში“ და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.