მარტა კოსი – თითქმის ყველა თვითმფრინავმა კავკასიის გავლით დაიწყო ფრენა, სწორედ აქედან, შუა დერეფნის გავლით შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ჩვენი სავაჭრო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირები

17:45, 23.06.2026

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ ევროპა აზიასთან დასაკავშირებლად დიდი ხნის განმავლობაში იყენებდა ორ მთავარ მარშრუტს, რომლებიც რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთზე გადიოდა, თუმცა კონფლიქტების გამო ახლა აღნიშნული მარშრუტები არასანდოა.

„ჩვენი ეკონომიკის ერთი მეხუთედი ვაჭრობაა, თუმცა მხოლოდ სხვა ქვეყნებთან სავაჭრო გარიგებებს არ ეხება საქმე. საქმე ეხება გეოგრაფიას, გზებს, რკინიგზას და საზღვაო მარშრუტებს, რომლებსაც პროდუქტების ევროპაში შემოსასვლელად იყენებენ. საქმე ეხება ინფრასტრუქტურას, რომელსაც ვიყენებთ, რათა ენერგია ჩვენს სახლებამდე მივიდეს და კაბელებს, რომლებიც ჩვენს მონაცემებს მთელ მსოფლიოში გადასცემს. დიდი ხნის განმავლობაში ევროპის აზიასთან დასაკავშირებლად ვეყრდნობოდით ორ მარშრუტს: ჩრდილოეთის მარშრუტს რუსეთის გავლით და სამხრეთის მარშრუტს წითელი ზღვისა და სუეცის არხის გავლით. თუმცა კონფლიქტები ამ მარშრუტებს არასანდოს ხდის. ბევრი გემი იძულებულია, იმოძრაოს გრძელი გზით კეთილი იმედის კონცხის გარშემო, რომელსაც ევროპა სუეცის არხის აშენებამდე იყენებდა“, – აცხადებს მარტა კოსი.

ამასთან, მარტა კოსმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა ალტერნატიულ მარშრუტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიაზე გადის. მისი თქმით, ირანის ომის დაწყების შემდეგ ევროპასა და აზიას შორის თითქმის ყველა ავიარეისი კავკასიის გავლით განხორციელდა. თუმცა, კოსის თქმით, აუცლებელია აღნიშნული მარშრუტის განვითარება, რათა ის უფრო ეფექტური გახდეს.

ამასთან, ევროკომისრის განცხადებით, რეგიონის განვითარება და მისი მნიშვნელობის გაზრდა კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობასაც გააუმჯობესებს.

„არსებობს სხვა გზაც. შეხედეთ თვითმფრინავების რუკას ირანში ბოლო ომის დაწყებამდე და მის შემდეგ. თითქმის ყველა თვითმფრინავმა კავკასიის გავლით  დაიწყო ფრენა. სწორედ აქედან, შუა დერეფნის გავლით შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ჩვენი სავაჭრო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირები. ის ევროპასა და აზიას თურქეთისა და სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშირებს. იმისთვის, რომ მან იმუშაოს, უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ამ მარშრუტზე ვაჭრობა ამჟამად ოთხჯერ მეტია, ვიდრე 2022 წელს. პრობლემა ის არის, რომ გადაზიდვის დრო, შეიძლება, კვლავ 45 დღემდე გაგრძელდეს. ჩვენი მიზანია, ეს დრო 15 დღემდე შევამციროთ. როგორ? გზების, რკინიგზის, პორტების გაუმჯობესებით და საზღვრებზე შეფერხებების შემცირებით. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ბიზნესებისთვის ხარჯების შემცირებას და ევროკავშირის მოსახლეობისთვის საქონლის უფრო გაიაფებას. ეს დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკის ზრდაში. ასევე, ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ათწლეულების კონფლიქტის შემდეგ, აგრეთვე, გააძლიერებს ჩვენი აღმოსავლეთით მდებარე მეზობლების ეკონომიკას. სწორედ ეს გააკეთა ჩვენთვის ქვანახშირმა და ფოლადმა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს ევროკომისიის პრიორიტეტია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს სავაჭრო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებს იმ მარშრუტებით, რომლებსაც შეგვიძლია, ვენდობოდეთ“, – განაცხადა მარტა კოსმა.

მსგავსი