მარსზე დაშვებიდან 404 დღის შემდეგ, მავალმა „პერსევერანსმა“ საკუთარი პარაშუტი შენიშნა — #1tvმეცნიერება
მარსზე დაშვებიდან 404 დღის შემდეგ, მავალმა „პერსევერანსმა“ საკუთარი პარაშუტი შენიშნა — #1tvმეცნიერება

13 თვეზე მეტი გავიდა, რაც მავალი „პერსევერანსიმარსზე დაჯდა (2021 წლის 18 თებერვალი) და როგორც იქნა, მისმა კამერებმა დაშვების სისტემების ის ზოგიერთი ნაწილი შენიშნა, რომლებმაც ზედაპირზე მავალის უსაფრთხოდ დაჯდომა უზრუნველყო.

პარაშუტი და დამცავი ფარი „პერსევერანსის“ კამერა MastCam-Z-მ მავალის ამჟამინდელი მდებარეობის სამხრეთით, 2022 წლის 6 აპრილს შენიშნა და გადაიღო.

როგორც წესი, მავალს ახლომახლო ტური დაჯდომიდან მალევე უნდა განეხორციელებინა და დაშვების სისტემის ნარჩენებიც გადაეღო, მაგრამ მას ამისთვის არ ეცალა, რადგან ეზეროს კრატერის სახიფათო რელიეფზე უნდა ევლო და კვლევები ჩაეტარებინა რეგიონში, რომელსაც სამხრეთ სეიტას უწოდებენ.

ეს ადგილი პარაშუტის დაცემის ზონასთან ახლოს არის და როგორც იქნა, მავალმა იქაც მიაღწია. პარაშუტი სისტემამ დაშვებისას მოიშორა, რათა ინსტრუმენტ Skycrane-ს მავალი გაშლილი ბორბლებით დაესვა ზედაპირზე.

ქვემოთ ხედავთ, მარსის ორბიტაზე მოძრავ ხომალდ Mars Reconnaissance Orbiter-ის მიერ მავალის დაჯდომის შემდეგ გადაღებულ ფოტოს, რომელზეც ჩანს თავად მავალი, პარაშუტი, დამცავი ფარი და დაშვების სისტემის სხვა ნარჩენები. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან დაახლოებით 200 მეტრით არის დაშორებული.

„პერსევერანსი“ ამჟამად მისიის მეორე სამეცნიერო კამპანიის შემდეგი სამიზნე ადგილისკენ მიდის, ზონისკენ, რომელიც ერთ დროს დიდი მდინარის დელტას წარმოადგენდა. მართალია, წინა მავალებზე უფრო ჩქარა დადის, მაგრამ „პერსევერანსი“ საათში დაახლოებით მილის მეათედს ფარავს. უკვე მოხსნა წინა მავალთა გავლილი მანძილის რეკორდებიც, როდესაც მხოლოდ ერთ დღეში გაიარა 319,8 მეტრი.

მავალ Curiosity-ის დღეში 200 მეტრზე მეტი არ გაუვლია, მარსის შედარებით სწორ ზედაპირზე 2004 წელს დამჯდარმა Opportunity-მ კი დაშვებიდან ერთი წლის შემდეგ, მზის ენერგიის გამოყენებით ერთ დღეში 228 მეტრი გაიარა.