„მარში იმპიჩმენტისთვის“ - კიევში მიხეილ სააკაშვილის მომხრეები საპროტესტო აქციას მართავენ
„მარში იმპიჩმენტისთვის“ - კიევში მიხეილ სააკაშვილის მომხრეები საპროტესტო აქციას მართავენ

„მარში იმპიჩმენტისთვის“ – ამ სლოგანით კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები საპროტესტო აქციას მართავენ.

დემონსტრანტები სააკაშვილის გათავისუფლებას, პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ და ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ.

მიხეილ სააკაშვილის მომხრეების განცხადებით, აქციის გადადების შესახებ მოსახლეობას ტელეფონებზე არასწორი შეტყობინებები ეგზავნებათ, რომ მარშში მონაწილეობა დროულად არ მიიღონ.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის პარტიის წევრები და მხარდამჭერები მოსახლეობას მოუწოდებენ, ხელისუფლების მიერ განზრახ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას არ დაუჯერონ და საპროტესტო აქციაში მიიღონ მონაწილეობა.

მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 8 დეკემბერს დააკავეს. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, სააკაშვილმა ფული რუსეთში მყოფი ბიზნესმენის, სერგეი კურჩენკოსგან აიღო.

 

ფოტო: ირაკლი გედენიძე