მაროკოს ნაკრების ფეხბურთელებმა პრემიებზე უარი თქვეს - 2022 წლის მუნდიალის მთავარი სენსაცია ღარიბ ოჯახებს დაეხმარება #1TVSPORT
მაროკოს ნაკრები კატარში დასრულებული 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი სენსაცია გახდა. მუნდიალის დასრულების შემდეგ გუნდის წევრებმა კეთილშობილური საქციელითაც გამოიჩინეს თავი.
მსოფლიო ჩემპიონატმა მაროკოელი ფეხბურთელების ცხოვრება და რეპუტაცია შეცვალა, ისინი საკუთარ სამშობლოში ეროვნული გმირები გახდნენ. კატარში წარმატებული თამაშით ნაკრებმა ფეხბურთის ფედერაციას 25 მილიონი დოლარი მოუტანა.
ამ თანხის ნაწილს ფედერაცია მიიღებს და ადგილობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის გამოიყენებს, ნაწილს კი ფეხბურთელებს გადასცემს. თუმცა, მოთამაშეებმა პრემიებზე უარი თქვეს და გადაწყვიტეს, ეს ფული მაროკოში ღარიბი ოჯახების დასახმარებლად გადარიცხონ.
ვალიდ რეგრაგის გუნდი მეტოქეებისთვის ნამდვილ თავსატეხად იქცა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპიდან მაროკო პლეი ოფში პირველი ადგილით გავიდა. სენსაციები ამის შემდეგ დაიწყო – აფრიკელებმა მერვედფინალში ესპანეთი (0:0, პენალტებით 3:0) დაამარცხეს, ხოლო მეოთხედფინალში პორტუგალიას (1:0) სძლიეს. მაროკოელთა წარმატებული სერია ნახევარფინალში საფრანგეთთან შეწყდა (0:2), მესამე ადგილისთვის მატჩი კი ხორვატიასთან წააგეს – 1:2.