მაროკო მესამე ნაკრებია მუნდიალების ისტორიაში, რომელიც ნახევარფინალში ევროპას და სამხრეთ ამერიკას არ წარმოადგენს #1TVSPORT
მაროკოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მესამე ნახევარფინალისტია, რომელიც ევროპის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს არ წარმოადგენს. მანამდე ეს შეძლო აშშ-ს ნაკრებმა 1930 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და სამხრეთ კორეამ 2002 წლის მუნდიალზე. ახლა ამ სიას მაროკოს ეროვნული ნაკრებიც შეემატა.
მაროკო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა პორტუგალიის დამარცხების შემდეგ (1-0) და გახდა პირველი აფრიკული ნაკრები ისტორიაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გააღწია.
მაროკოელები აქამდე მხოლოდ ერთხელ მოხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში. მათ საუკეთესო შედეგი 1986 წელს, თავიანთ მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე დააფიქსირეს, სადაც ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ და ინგლისის, პოლონეთისა და პორტუგალიის გუნდები ჩამოიტოვეს. ეს იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც აფრიკის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში მოხვდა.
მერვედფინალში მაროკოს ნაკრები მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა დასავლეთ გერმანიის ნაკრებთან, რომელმაც გამარჯვების გოლი მატჩის დასრულებამდე მხოლოდ 3 წუთით ადრე გაიტანა – თავი ლოთარ მათეუსმა გამოიჩინა.