მარნეულში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა განახლდა
მარნეულში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა განახლდა

მარნეულში წყლისა და წყალარინების (კანალიზაციის) სრულიად ახალი, თანამედროვე სისტემები შენდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად განახლდა და შეუფერხებლად, ყველა წესის დაცვით გრძელდება.

კომპანიის ცნობით, პროექტის ფარგლებში შენდება მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინებისა და ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემები. ასევე, მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. პროექტების ჯამური ინვესტიცია 175 მილიონ ლარზე მეტია.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მადარია.

„პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მშენებლობა, მაგისტრალური მილის და შიდა ქსელების მოწყობა, ამორტიზებული მილები ახლით ჩანაცვლება. ასევე, კანალიზაციის კოლექტორის მოწყობა და წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა.

პროექტების დასრულების შედეგად, ქალაქ მარნეულის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლების – წერეთლის, საიმერლოს, დიდი ბეგლარის, პატარა ბეგლარისა და ყიზილაჯლოს მოსახლეობა უწყვეტი, 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით კი ისარგებლებს მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს ადგილობრივი მაცხოვრებლები. ხოლო, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ახალი ნაგებობა, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მნიშვნელოვანდ შემაცირებს რეგიონში გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

პროექტებს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის, აზიის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს“,- აღნიშნულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი