მარნეულში საქართველოს აზერბაიჯანული თემის წარმატებული წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ, წლის ჟურნალისტად „მრავალფეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელი რამილია ალიევა დასახელდა
საინფორმაციო ვებგვერდ „24 ნიუსის” ინიციატივით, მარნეულში საქართველოს აზერბაიჯანული თემის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული მოქალაქეების დაჯილდოება გაიმართა.
საკუთარ სფეროში განსაკუთრებული აქტიურობისა და მიღწევებისთვის გამარჯვებულები 10 ნომინაციაში დასახელდნენ.
„ჩვენი მიზანია აზერბაიჯანულ თემში სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანების საქმიანობის წახალისება. ამ ინიციატივის ფარგლებში, ყოველწლიურად 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილ პირებს ვასახელებთ და ვაჯილდოებთ. ამ ნომინაციებს შორისაა: წლის ექიმი, წლის მასწავლებელი, წლის პოლიციელი ქალი, ჟურნალისტი და ა.შ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ პროექტმა თემის წევრებს მოტივაცია მისცეს თავიანთ სფეროებში აქტიურად მუშაობისთვის”, – განაცხადა „24 ნიუსის” ხელმძღვანელმა, აზერ მამედოვმა.
წლის ჟურნალისტის ნომინაციაში ჯილდო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,მრავალფეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელს, რამილია ალიევას გადაეცა.
„რეგიონული მედიის განვითარება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის რეგიონულ მედიებს სრულიად უსასყიდლოდ აწვდის მედიაპროდუქტებს, რომელიც მზადდება „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში. ქვემო ქართლის აზერბაიჯანულენოვანი საინფორმაციო სააგენტო 24news.ge-ს ჯილდოც არის პირველი არხის „მრავალფეროვანი საქართველოს“ ჯილდო”, – განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „მრავალფეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელმა, რამილია ალიევამ.
აღსანიშნავია, რომ „24 ნიუსის” ინიციატივით, აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელთა დაჯილდოება უკვე მეორე წელია, იმართება.