მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შემოწმებული 20 ათასი ადამიანიდან ტემპერატურა 25-ს დაუფიქსირდა
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შემოწმებული 20 ათასი ადამიანიდან ტემპერატურა 25-ს დაუფიქსირდა

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის შემოწმებული 20 ათასი ადამიანიდან ტემპერატურა მხოლოდ 25-ს დაუფიქსირდა, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, აქედან ორი შემთხვევა იყო საყურადღებო და ისინი მოთავსებული არიან სამედიცინო დაწესებულებაში.

„მოსახლეობის ინფორმირებასთან ერთად, ორივე რაიონის შემოწმება დავიწყეთ, დღეს უკვე ჯგუფებმა, რომლებიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით, ასევე მედიკოსებით, შეძლეს 20 ათასზე მეტი ადამიანის მონახულება, ატარებენ გარკვეულ გამოკითხვებს, უტარდებათ სამედიცინო ღონისძიებები. 20 ათასი ადამიანიდან მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე, საიდანაც საყურადღებო იყო მხოლოდ ორი, რომლებიც მოთავსებული არიან საავადმყოფოში, მარნეულში. თუმცა, ამ ვითარებითაც არის დადებითი მდგომარეობა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, როგორც ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა აღნიშნა, მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში, სადაც კარანტინია გამოცხადებული, სიმშვიდეა.