მარკო რუბიო - ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპს არ ესმის, რატომ ფიქრობს ვინმე, მათ შორის პაპი, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ქონა კარგი იდეაა, ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ შეიძლება, ვინმეს ეს სწორად მიაჩნდეს
ვფიქრობ, აშშ-ის პრეზიდენტს არ ესმის, რატომ ფიქრობს ვინმე, მათ შორის პაპიც, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ოდესმე ქონა კარგი იდეაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
ამგვარად, რუბიომ უპასუხა კითქვას, ეთანხმება თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რომის პაპ ლეო XIV-ის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, სადაც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „ლეო XIV კათოლიკეებს საფრთხეს უქმნის და მსოფლიოს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის“.
როგორც რუბიომ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მისთვისაც გაუგებარია, რატომ შეიძლება, ვინმეს სწორად მიაჩნდეს ირანის მიერ ბირთვული იარარღის ფლობა.
„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანს, არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რადგან ისინი მას გამოიყენებდნენ იმ ადგილების წინააღმდეგ, სადაც კათოლიკეები, ქრისტიანები და სხვები ცხოვრობენ. ეს ისევ მთავარ საკითხს უბრუნდება. პრეზიდენტის ნაცვლად საუბარს არ ვცდილობ, თუმცა, ვფიქრობ, მას არ ესმის, რატომ ფიქრობს ვინმე, მათ შორის პაპიც, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ოდესმე ქონა კარგი იდეაა. ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ შეიძლება, ვინმეს ეს სწორად მიაჩნდეს. შეხედეთ, რას აკეთებენ ახლა სრუტეებთან დაკავშირებით, მათ მთელი მსოფლიო მძევლად ჰყავთ აყვანილი. იქ არიან მეზღვაურები კომერციულ გემებზე, რომლებიც შეიძლება, შიმშილით დაიღუპონ და მათ ეს არ აინტერესებთ. მათ არ აინტერესებთ, რომ ეს ანადგურებს მსოფლიო ეკონომიკებს, მათ შორის, საკუთარი მოკავშირეებისასაც კი. რას ფიქრობთ, რას გააკეთებდნენ, ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეთ? ისინი მთელ მსოფლიოს ამ იარაღით მძევლად აიყვანდნენ. ზუსტად იმავე რამეს გააკეთებდნენ ბირთვული იარაღით, რასაც ახლა სრუტესთან დაკავშირებით აკეთებენ. ვფიქრობ, პრეზიდენტის მთავარი სათქმელი არის ის, რომ გაუგებარია, როგორ შეიძლება, ვინმემ ვერ აღიქვას ეს მიუღებელ რისკად“, – განაცხადა რუბიომ.
ამასთან, როგორც რუბიომ განმარტა, 7 მაისს ვატიკანში ვიზიტი და რომის პაპთან დაგეგმილი შეხვედრა ტრამპსა და პაპს შორის უთანხმოებასთან კავშირში არ არის.