მარკო რუბიო - საგარეო დახმარებაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა ეს უნდა გაკეთდეს სწორად, მიზანია, განისაზღვროს საგარეო დახმარება, რომელიც ნამდვილად უჭერს მხარს ჩვენს ქვეყანას და ეროვნულ ინტერესებს
მარკო რუბიო - საგარეო დახმარებაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა ეს უნდა გაკეთდეს სწორად, მიზანია, განისაზღვროს საგარეო დახმარება, რომელიც ნამდვილად უჭერს მხარს ჩვენს ქვეყანას და ეროვნულ ინტერესებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ არ ამბობს უარს საგარეო დახმარების გაწევაზე, არამედ ის უნდა გადაიხედოს და გაგრძელდეს აშშ-ის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ამის შესახებ მარკო რუბიომ კონსერვატიულ რადიო SiriusXM Patriot-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„პირველ რიგში, ჩვენ საგარეო დახმარებაზე უარს არ ვამბობთ. ჩვენ ვიქნებით ჩართული საგარეო დახმარებაში, თუმცა ეს უნდა გაკეთდეს სწორად. მჯერა, რომ სწორად გაწეული საგარეო დახმარება არის სიკეთის მომტანი ქვეყნისთვის. იდეა, რომ ჩვენ ვხარჯავთ 40-60 მილიარდ დოლარს საგარეო დახმარებაზე და მთელი ეს ფული იხარჯება სარგებლით ან აზრიანად, აბსურდულია. დიდი ნაწილი ასე არ იხარჯება. ამგვარად, მიზანი ძალიან მარტივია: გადაიხედოს მთელი ჩვენი საგარეო დახმარება, რომლის დიდი ნაწილი – USAID-ის, ნაწილი კი სახელმწიფო დეპარტამენტის გავლით იხარჯება; განისაზღვროს საგარეო დახმარება, რომელსაც აქვს აზრი, რომელიც ნამდვილად უჭერს მხარს ჩვენს ქვეყანას და რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და გაგრძელდეს ამის კეთება; შემდეგ მოვიშოროთ ის, რომელიც წარმოადგენს ფულის ფლანგვას ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ან ჩვენს ინტერესებს მსოფლიოში. სწორედ ეს არის, რასაც ახლა გავდივართ“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საგარეო დახმარების ინდუსტრიულმა კომპლექსმა შექმნა არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა სახის ჯგუფები, რომლებიც ამ პროგრამებისგან სარგებელს იღებენ და თუ რომელიმე მათგანს შეამცირებენ ან მათ შესახებ კითხვებს დასვამენ, ეს განიხილება, როგორც ამერიკის რბილი ძალისთვის ძირის გამოთხრა.

მნიშვნელოვანი საგარეო დახმარების პროგრამის მაგალითად მარკო რუბიომ დაასახელა გვატემალაში პოლიციის დახმარების პროექტი, რათა ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ამერიკაში ფენტანილის კონტრაბანდის აღკვეთა შეძლონ.

„ეს არის საგარეო დახმარება, რომელსაც ჩვენ მხარს დავუჭერთ. მე დავუშვი გამონაკლისი, რომ ამ პროგრამის გაგრძელება შევძლოთ. არსებობს სხვა რაღაცები, რასაც ჩვენ არ გავაკეთებთ. ჩვენ არ უნდა ვაფინანსებდეთ LGBTQ ოპერას. არ ვიცი, როგორ ემსახურება ეს ეროვნულ ინტერესებს. ეს არის გადასახადების გადამხდელთა ფული. ვინმეს თუ სურს მსგავსი რამის დაფინანსება, შეგიძლიათ ეს ბედნიერად გააკეთოთ, ეს კანონიერია. გადით და შეაგროვეთ თანხები, კერძო სექტორის თანხები და დახარჯეთ ისინი ამაზე, თუმცა ჩვენ არ უნდა ვხარჯავდეთ გადასახადების გადამხდელთა თანხებს ან ვიყენებდეთ ამერიკის სამთავრობო სააგენტოებს ისეთი რამის დასაფინანსებლად, რაც ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ასე რომ, ჩვენ შევაჩერეთ ყველანაირი საგარეო დახმარება და ახლა განვიხილავთ თითოეულ პროექტს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.