მარკო რუბიო - რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ამ დრომდე შედეგიანი არ ყოფილა, აშშ მზად არის, გააგრძელოს შუამავლის როლი, თუ რეალური შედეგის მიღწევის შანსი იქნება
ვაშინგტონი კვლავ მზად არის, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო პროცესში შუამავლის როლი შეასრულოს, თუ რეალური პროგრესის შესაძლებლობა გაჩნდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
რუბიოს თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები შედეგიანი არ ყოფილა.
„სამწუხაროდ, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ამ დრომდე შედეგიანი არ ყოფილა, თუმცა შეერთებული შტატები მზად არის, გააგრძელოს ამ პროცესში თავისი როლის შესრულება. თუ ვიხილავთ შესაძლებლობას, რომ მოლაპარაკებები იყოს პროდუქტიული და არა უშედეგო, თუ რეალური შედეგის მიღწევის შანსი იქნება, მზად ვართ, ეს როლი შევასრულოთ. შეერთებული შტატები მზად არის, ჩართული იყოს, მაგრამ, ასევე, არ ვართ დაინტერესებული შეხვედრების უსასრულო ციკლით, რომელიც არაფრამდე არ მიდის“, – აღნიშნა რუბიომ.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ომი სამხედრო გამარჯვებით არ დასრულდება.
„ეს ომი არ დასრულდება ერთ-ერთი მხარის სამხედრო გამარჯვებით, იმ ტრადიციული გაგებით, როგორითაც გამარჯვება ჩვეულებრივ განისაზღვრება. იმედი მაქვს, ერთ დღეს გამოსავალი მოიძებნება“, – განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, PURL-ის პროგრამის მეშვეობით, რომელშიც აშშ კვლავ აქტიურად მონაწილეობს, უკრაინა ამჟამად უფრო მეტ მხარდაჭერას იღებს, ვიდრე ოდესმე.
ამასთან, რუბიომ ბალტიისპირეთის ქვეყნების გარშემო არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს ესკალაციის საფრთხე.
„ეს შემაშფოთებელია, რადგან ყოველთვის არსებობს შიში, რომ ვითარება ესკალაციაში გადაიზრდება. გვესმის, რომ ეს ქვეყნები საფრთხეს გრძნობენ და ამას აშკარა მიზეზები აქვს. ამიტომ ეს სერიოზული საკითხია, რადგან ყოველთვის არსებობს რისკი, რომ მსგავსი რამ უფრო დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საკითხს და ნატო-სთან აქტიურ კავშირში ვართ. შეშფოთებულები ვართ, რადგან არ გვინდა, ეს უფრო ფართო კონფლიქტში გადაიზარდოს, რომელიც ბევრად მძიმე შედეგებს გამოიწვევს“, – განაცხადა რუბიომ.
ცნობისთვის, საუბარია რუსეთის ბრალდებებზე, რომლის მიხედვითაც, ბალტიის ქვეყნები თითქოს უკრაინასთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმების ორგანიზებას გეგმავენ. აღნიშნულ ბრალდებებს თავად ბალტიის სახელმწიფოები კატეგორიულად უარყოფენ.