მარკო რუბიო - კვლავაც მხარს ვუჭერ საგარეო დახმარებას, მაგრამ ეს არ არის ქველმოქმედება, ყოველი დოლარი, რომელიც დაიხარჯება, აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს მოემსახურება
აშშ-ის საგარეო დახმარების პროგრამებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კოსტა რიკაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუბიოს განცხადებით, მიმდინარეობს საგარეო დახმარების პროგრამების სრული გადახედვა, თუმცა გარკვეული ტიპის დახმარებები გამონაკლისის სახით გაგრძელდება.
„გამონაკლისები გავრცელდა იმ პროგრამებზე, რომლებიც ამერიკას უფრო უსაფრთხოს და ძლიერს ხდის. მაგალითად, პროგრამები, რომლებიც ეხმარება ჩვენს სანდო პარტნიორებს ნარკოტიკებისა და ტერორისტების შეჩერებაში. ჩვენ, ასევე, დავაწესეთ ზოგადი გამონაკლისი სიცოცხლის გადარჩენის პროგრამებისთვის – თუ საქმე ეხება საკვებს, მედიკამენტებს ან სხვა გადაუდებელ დახმარებას, ისინი არ ექვემდებარებიან შეჩერებას“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
სახელმწიფო მდივანმა ასევე გააკრიტიკა ის ორგანიზაციები, რომლებიც აცხადებენ, რომ არ იციან, როგორ მოიპოვონ გამონაკლისის სტატუსი.
„რომელიმე ორგანიზაცია თუ იღებს დაფინანსებას შეერთებული შტატებიდან და არ იცის, როგორ მოითხოვოს გამონაკლისი, მაშინ მე მაქვს სერიოზული კითხვები ამ ორგანიზაციის კომპეტენციასთან დაკავშირებით, ან მეჩვენება, რომ ისინი განზრახ აკეთებენ ამას პოლიტიკური მიზნებისთვის“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ამასთან, მარკო რუბიომ ისაუბრა საგარეო დახმარების მიზნობრიობის საკითხზეც.
„მე დიდი ხანია, მხარს ვუჭერ საგარეო დახმარებას და კვლავაც დავუჭერ მხარს, მაგრამ საგარეო დახმარება არ არის ქველმოქმედება. ის არსებობს შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების წინ წაწევისთვის. ყოველი დოლარი, რომელიც დაიხარჯება, ვიდრე მე ვარ სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტი ტრამპი არის თეთრ სახლში, იქნება დოლარი, რომელიც ემსახურება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. არსებობს პროგრამები, რომლებიც მუშაობს. ეს არის იმ ტიპის საგარეო დახმარება, რომელიც ჩვენ გვჭირდება. არსებობს პროგრამები, რომლებთან დაკავშირებითაც გვაქვს კითხვები, რომლებიც არ ემსახურება ეროვნულ ინტერესებს და ისინი უნდა გაუქმდეს და არის პროგრამები, რომელთა შესახებაც მეტი უნდა ვიცოდეთ“, – განაცხადა რუბიომ.