მარკო რუბიო – ევროპელი ლიდერები სულ უფრო მეტად იზიარებენ ტრამპის საგარეო პოლიტიკურ ხედვას, რომელიც ეროვნული ინტერესების პრიორიტეტულობას ეფუძნება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ევროპელი ლიდერები სულ უფრო მეტად გამოხატავენ მხარდაჭერას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკური ხედვის მიმართ, რომელიც ეროვნული ინტერესების პრიორიტეტულობასა და დასავლური ცივილიზაციის ღირებულებების დაცვას ეფუძნება.
ამის შესახებ რუბიომ გამოცემა „ბრეითბარტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრინციპია ამერიკის ძალაუფლების გამოყენება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, რაც ხშირად შეერთებული შტატების მოკავშირეებისა და მთლიანად დასავლეთის ინტერესებსაც ემსახურება.
რუბიომ გაიხსენა ათენში წარმოთქმული სიტყვაც, სადაც ამერიკელებს ძველი ბერძნული და რომაული ცივილიზაციების მემკვიდრეები უწოდა.
„ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ საბერძნეთისგან, რომისგან და, საბოლოოდ, ევროპისგან მრავალი ღირებულება, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა ეფუძნება. დასავლეთი ერთადერთი ცივილიზაციაა, რომელიც საკუთარი ისტორიისა და მიღწევების გამო თითქოს ბოდიშს იხდის. ეს კი საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“, – განაცხადა რუბიომ.
სახელმწიფო მდივნის თქმით, დასავლურმა ქვეყნებმა საკუთარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა ხელახლა უნდა გააცნობიერონ. მისი განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სწორედ ამ მიმართულებით მოქმედებს და სურს, მსგავსი მიდგომა ევროპელმა ლიდერებმაც გაიზიარონ.
რუბიომ აღნიშნა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მისი გამოსვლისა და გასულ წელს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ევროპელ პოლიტიკოსებში ამ ხედვის მიმართ ინტერესი გაიზარდა.
„ვამჩნევ, რომ ისინი უფრო მეტად არიან მზად ჩვენი გზავნილების მისაღებად. ბევრი ლიდერი პირად საუბრებში გვეუბნება, რომ ჩვენს პოზიციებს ეთანხმება. თუმცა ამ დამოკიდებულების კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ასახვას დრო სჭირდება“, – განაცხადა რუბიომ.
მისი შეფასებით, ევროპელი ლიდერების ნაწილი ამ შეხედულებების საჯაროდ მხარდაჭერას ერიდება, რადგან მემარცხენე პოლიტიკური ძალების, მედიის, აკადემიური წრეებისა და სახელმწიფო ბიუროკრატიის კრიტიკის ეშინია. ამერიკის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ ევროპაში პოლიტიკური დამოკიდებულებების ცვლილება მომავალ საარჩევნო პროცესებშიც აისახება.
„ვფიქრობ, სულ უფრო მეტი ლიდერი გაბედავს ამ იდეებზე ღიად საუბარს და არჩევნებში მონაწილეობას. საბოლოოდ სწორედ ეს შეცვლის სხვა ქვეყნების დამოკიდებულებას ჩვენი საერთო ინტერესების მიმართ“, – განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ევროპელი პარტნიორები დასავლური ცივილიზაციის საერთო ღირებულებებსა და ეროვნული ინტერესების დაცვაზე დაფუძნებულ პოლიტიკას უფრო აქტიურად გაატარებენ.