მარკო რუბიო - ეს თუ გაჭიანურების ტაქტიკაა, პრეზიდენტი ტრამპი ამ ხაფანგში არ გაებმება, მალე გავიგებთ, რუსეთი მშვიდობით სერიოზულად არის თუ არა დაინტერესებული, არის რაღაც დამაიმედებელი და შემაშფოთებელი ნიშნები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი თუ გაჭიანურების ტაქტიკას იყენებს, პრეზიდენტი ტრამპი ამ ხაფანგში არ გაებმება.
„პრეზიდენტ ტრამპს სურს ამ ომის დასრულება, ეს სურდა პირველივე დღიდან, სურდა, ენახა არის თუ არა შესაძლებელი ამ ომის დასრულება ისეთი პირობებით, რომლებიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის, რადგან ვერ დაასრულებ ომს, თუ ორივე მხარე არ დათანხმდება. სწორედ ამის გარკვევის პროცესში ვართ ახლა“, – განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ-ში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელს, კირილ დმიტრიევს შეხვდა, რომელიც რუსეთში აშშ-ისგან გარკვეულ შეტყობინებას წაიღებს.
„კირილი ამ კვირაში გვეწვია, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი. ის წაიღებს გარკვეულ შეტყობინებებს და გზავნილი არის: აშშ-მა უნდა იცოდეს, სერიოზულად ხართ თუ არა განწყობილი მშვიდობის მიმართ? საბოლოოდ, პუტინმა, რუსეთის ფედერაციამ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, უკრაინელებმა აჩვენეს მზადყოფნა, მაგალითად, დათანხმდნენ ცეცხლის სრულ შეწყვეტას, რათა შეიქმნას სივრცე მოლაპარაკებისთვის. გარკვეულ მომენტში, მალე რუსებმა და პუტინმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, სერიოზულად არიან თუ არა განწყობილი მშვიდობისკენ და იმედი მაქვს, რომ ასე იქნება“, – განაცხადა რუბიომ.
რუბიოს თქმით, რუსეთის პასუხებიდან გამომდინარე, ნათელი გახდება, არიან თუ არა მშვიდობისთვის მზად.
„ეს თუ გაჭიანურების ტაქტიკაა, პრეზიდენტი ამით დაინტერესებული არ არის. თუ ეს მოლაპარაკებების უსასრულო გაგრძელებაა, პრეზიდენტი ტრამპი ამ ხაფანგში არ გაებმება. არა მათი სიტყვები, მათი ქმედებები განსაზღვრავს, არიან ისინი სერიოზულები თუ არა. ჩვენ მალე გავიგებთ, სერიოზულად არის თუ არა რუსეთი მშვიდობით დაინტერესებული. თუ ასეა, ეს შესანიშნავი იქნება. მაშინ ჩვენ შეგვიძლია, მშვიდობისკენ ვიმოძრაოთ. თუ არა, მაშინ მოგვიწევს გადავაფასოთ ჩვენი პოზიცია და ის, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში. არის რაღაც დამაიმედებელი ნიშნები. არის რაღაც შემაშფოთებელი ნიშნები. ეს ადვილი არ იქნება. არავის უთქვამს, რომ ეს ადვილი იქნებოდა“, – აღნიშნა რუბიომ.