მარკო რუბიო - დონალდ ტრამპის განცხადება არის შეერთებული შტატების შეთავაზება, მზადყოფნა, პასუხისმგებელი გახდეს ღაზის რეკონსტრუქციაზე
ის, რაც გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, არის შეერთებული შტატების შეთავაზება, მზადყოფნა, პასუხისმგებელი გახდეს ღაზის რეკონსტრუქციაზე, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა ღაზის სექტორზე.
გვატემალაში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, რუბიომ აღნიშნა, რომ ეს იყო უნიკალური შეთავაზება.
მისივე თქმით, ეს არ არის მტრული ნაბიჯი და დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.
„პრეზიდენტ ტრამპის გუშინდელი განცხადება შემდეგი ფაქტის აღიარებაა: ღაზა მძიმედ დაზიანდა. თუ სურათებს შეხედავთ, დაინახავთ, რა ხდება იქ. რეკონსტრუქციისთვის საჭიროა მილიარდობით დოლარი. ზოგიერთი ტერიტორია ახლა და უახლოეს მომავალშიც საცხოვრებლად უვარგისი გახდა. ეს უნიკალური შეთავაზებაა, რომლის მსგავსიც მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია. ვფიქრობ, ამაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ. ეს არ იყო მტრული ნაბიჯი. ეს იყო ძალიან გულუხვი ნაბიჯი: იმ ადგილის აღდგენისა და აღდგენის ხელმძღვანელობის შეთავაზება“, – აღნიშნა რუბიომ.