მარკო რუბიო – ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია, გამოფხიზლდეს ხანგრძლივი ძილისგან და კვლავ ააგიზგიზოს ის ცეცხლი, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო
ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია, გამოფხიზლდეს ხანგრძლივი ძილისგან და კვლავ ააგიზგიზოს ის ცეცხლი, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
ათენში სიტყვით გამოსვლისას მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ დასავლეთი გადამწყვეტ გზაჯვარედინზე იმყოფება და მომდევნო ათწლეული გადაწყვეტს, შეინარჩუნებს თუ არა ის თავის ადგილს მსოფლიოს სათავეში, თუ განწირული იქნება ატროფიისთვის, დამონებისა და დეგრადაციისთვის.
მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით შეერთებულმა შტატებმა არჩევანი უკვე გააკეთა.
„ჩვენ ვირჩევთ მტკიცე მისწრაფებას ეროვნული ძალაუფლებისკენ, რათა დავიბრუნოთ კონტროლი ჩვენს კრიტიკულ მომარაგების ჯაჭვებზე, განვახორციელოთ ჩვენი ეკონომიკის რეინდუსტრიალიზაცია, აღვადგინოთ ჩვენი თავდაცვა და ვიბრძოლოთ მომავლის ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიების დომინირებისთვის“,- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
რუბიომ ანტიკური საბერძნეთისა და კლასიკური სახელმწიფო მართვის მაგალითებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძველ ბერძნებს კარგად ესმოდათ ინტერესების, წინდახედულობისა და ძალის გამოყენების მნიშვნელობა. მისივე თქმით, სწორედ ამ კლასიკური მიდგომის დაბრუნებას ცდილობს ტრამპის ადმინისტრაცია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მთელი ცივილიზაციისთვის. განსაკუთრებული აქცენტი რუბიომ ევროპის როლზე და მის პოტენციალზე გააკეთა.
„ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია, გამოფხიზლდეს ხანგრძლივი ძილისგან და კვლავ ააგიზგიზოს ის ცეცხლი, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო. ამის ნიშნები უკვე არსებობს. ამ კონტინენტზე ჩვენ ვუყურებთ იმას, რაც, ვიმედოვნებთ, იქნება თაობათა ცვლილების დასაწყისი — ცათამბჯენი თავდაცვის ხარჯები, ახალი პარტნიორობებისა და პროგრამების ნიაღვარი, გაფართოებული წარმოება“,- განაცხადა რუბიომ.
სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სა და ევროპის ტრანსატლანტიკური მეგობრობა არ უნდა იყოს „ნულოვანი ჯამის თამაში“ და რომ მათ ერთად გამარჯვება სჭირდებათ. მან ასევე გაიხსენა ისტორიული კავშირები, მათ შორის საბერძნეთის 1821 წლის თავისუფლებისთვის ბრძოლა და დასავლური ცივილიზაციის ისეთი ფუნდამენტური ღირებულებები, როგორიცაა პატივი, მოვალეობა და გმირული მემკვიდრეობა.
რუბიომ სიტყვით გამოსვლა დაასრულა მოწოდებით, რომ აუცილებელია ამ სულისკვეთების ხელახლა აღმოჩენა და ერთობლივი ძალებით თანამედროვე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა.