მარკო რუბიო - აშშ განიხილავს, განსაზღვროს თუ არა „თალიბანი“ „უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად“
ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს, განსაზღვროს თუ არა „თალიბანი“ „უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესის ქვედა პალატაში, საგარეო საქმეთა კომიტეტზე გამართული მოსმენის დროს განაცხადა.
შეკითხვაზე, მოახდენს თუ არა აშშ „თალიბანის“ „უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად“ კლასიფიცირებას, რუბიომ განაცხადა: „მე მჯერა, რომ ეს კლასიფიკაცია ახლა, კიდევ ერთხელ, გადახედვის პროცესშია“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გარკვეული წარმატება იქნა მიღწეული დაკავებული ამერიკელების გათავისუფლების კუთხით, მაგრამ აშშ-ის ხელისუფლებას გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.
„საბოლოო ჯამში, ეს კლასიფიკაცია დაფუძნებული იქნება მიდგომაზე, როგორი იქნება ჩვენი მომავალი პოლიტიკა ავღანეთთან დაკავშირებით. ჩვენ ნათლად ვიცით, ვინ არიან ისინი და რა გააკეთეს წარსულში. ჩვენ გვსურს, რომ მათგან მეტი თანამშრომლობა მოხდეს „ალ ქაიდასა“ და ქვეყანაში არსებულ სხვა ელემენტებთან დაკავშირებით, რომელთა მიზანში ამოღებაც გვსურს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.