მარკო რუბიო – აშკარაა, რომ ბრიტანეთში, სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მომხდარ ინციდენტში უცხოელი აქტორია ჩართული, ვითარება ძალიან სერიოზულია

09:45, 29.09.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ბრიტანეთში, სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მომხდარ ინციდენტში „უცხოელი აქტორია“ ჩართული და რომ „ამასთან დაკავშირებით კიდევ ბევრი სიახლე გავრცელდება“. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

„ის, რაც დიდ ბრიტანეთში გასულ უქმეებზე მოხდა, ან თითქმის მოხდა და შეიძლებოდა, მომხდარიყო, ძალიან სერიოზული ვითარებაა. აშკარაა, რომ ამ საქმეში უცხოელი აქტორის ხელი ურევია. თუმცა, ამ ეტაპზე ამ საკითხზე დეტალებში შესვლას არ ვაპირებ. მინდა, მადლობა გადავუხადო ბრიტანეთის ხელისუფლებას, რომელიც ამ საქმეზე ძალიან აქტიურად მუშაობს და ჩვენთან თანამშრომლობს. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს აწუხებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირებიდან ზოგიერთი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რამდენიმე მათგანის მიმართ გამოძიება გრძელდება. ცხადია, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ბრიტანეთის მხარესთან ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა რუბიომ.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში, ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული ხუთივე ეჭვმიტანილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ასაფეთქებელ ნივთიერებებთან და ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების ეჭვის საფუძველზე დაკავებული ხუთივე მამაკაცი ლონდონში მცხოვრები 20-დან 25 წლამდე ასაკის ბრიტანეთის მოქალაქეა. პოლიციას ადგილობრივმა ფერმერმა შეატყობინა სამი თეთრი ფურგონის შესახებ, რომლებიც RAF Fairford-ის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. ეს ბრიტანული სამხედრო ბაზაა, სადაც აშშ-ის ბომბდამშენებია განთავსებული, რომლებიც ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მისიებში მონაწილეობდნენ.

მსგავსი