მარკო რუბიო – არსებობს შესაძლებლობა, შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა, რათა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები განახლდეს, შესაძლოა, საბოლოო შეთანხმებამდეც მივიდეთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი სამუშაოა შესასრულებელი, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის წარმომადგენლების ბოლო დიპლომატიურმა კონტაქტებმა მოსკოვსა და კიევთან მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა გააჩინა.
მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში შემუშავდეს სამოქმედო გეგმა მოლაპარაკებების განახლებისთვის და, შესაძლოა, მიღწეული იყოს შეთანხმება, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.
„არ მინდა, ზედმეტად ოპტიმისტი ვიყო, თუმცა, არც პესიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებობს შესაძლებლობა, შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა, რათა მოლაპარაკებები განახლდეს და, შესაძლოა, საბოლოო შეთანხმებამდე მივიდეთ, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები. ომის დასასრულებლად სწორედ ეს არის საჭირო – ორივე მხარე ამ შეთანხმებას უნდა დათანხმდეს. ეს შაბათ-კვირა იყო პროდუქტიული პერიოდი იმ თვალსაზრისით, რომ რამდენიმეთვიანი, ფაქტობრივად, უმოქმედობის შემდეგ ჩართულობა განახლდა. ასევე, მოლაპარაკებების მაგიდაზე მნიშვნელოვანი იდეები დაიდო, რომელთა მიმართაც, როგორც ჩანს, პირველად გაჩნდა გარკვეული ზოგადი მზაობა. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო რჩება“, – განაცხადა რუბიომ.