მარკო რუბიო არ გამორიცხავს, ვაშინგტონმა ვოლოდიმირ ზელენსკი დეკემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტზე მიიწვიოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დეკემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტზე მიიწვიოს.
ამის შესახებ რუბიომ ატლანტაში, ჯორჯიის შტატში „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუბიოს ჰკითხეს, მიიწვევენ თუ არა უკრაინის პრეზიდენტს 14-15 დეკემბერს მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე მიწვეულია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული.
„ეს ლიდერების შეხვედრაა და ამ საკითხზე გადაწყვეტილება პრეზიდენტზეა დამოკიდებული. მე ამას არ გამოვრიცხავ, განსაკუთრებით, თუ ზელენსკის მონაწილეობიდან რაიმე დადებითი გამოვა, მაგრამ დღეს ამის შესახებ არანაირი განცხადება არ მაქვს“, — განაცხადა რუბიომ.
ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე მიიწვია, სადაც ის, შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპთან შეხვდეს. მედიის ცნობით, პუტინმა უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზება, აშშ-ში G20-ის სამიტზე ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართოს.