მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებში პროგრესია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებში პროგრესია. რუბიოს თქმით, ამ საკითხზე საბოლოოდ არაფერი შეთანხმებულა, თუმცა წინ გადადგმული ნაბიჯები არსებობს.
„მთელ ამ დროში, რაც რუსეთსა და უკრაინაზე ვსაუბრობთ, ერთი რამ განუწყვეტლივ იჩენს თავს – უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება. როგორი იქნება უკრაინის და, უფრო ფართოდ, ევროპული კონტინენტის ომის შემდგომი უსაფრთხოების სისტემა? ეს ერთ-ერთი ძირითადი თემაა, რომელიც ყველა საუბარში მუდმივად არსებობს“, – აღნიშნა რუბიომ.
მისივე ინფორმაციით, დონალდ ტრამპს გასულ კვირას ამ სისტემის შესაძლო ფორმის შესახებ პირველადი ხედვები გააცნეს. რუბიომ აღნიშნა, რომ ამისთვის ჯერ ომი უნდა დასრულდეს.
რუბიომ ირანთან მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტი ყველა პრობლემას დიპლომატიით გადაჭრას ამჯობინებს, თუმცა ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის.
„ახლა ეს მოლაპარაკებები ნაკლებად შედეგიანია, რადგან ირანის მოთხოვნები არა მხოლოდ მიუღებელი, ზოგ შემთხვევაში აბსურდული და ირეალურიცაა“, – განმარტა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ამასთან, მარკო რუბიომ ირანთან დაპირისპირების შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
„პრეზიდენტმა ამ ქვეყნის წინაშე არსებული ძალიან რეალური საფრთხე გამოავლინა, რომელიც დიდი ხანია, არსებობს და მას გაუმკლავდა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ის, რაც ქვეყნისთვის სწორია, პოპულარული არ არის, მაგრამ აუცილებელია“, – განაცხადა რუბიომ.