მარკო რუბიო – აშშ-ის ადმინისტრაცია შეწყვეტს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობას, თუ ჩათვლის, რომ ეს პროცესი შედეგს ვერ გამოიღებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციამ, შესაძლოა, გაცილებით საშიში რეგიონული კონფლიქტი გამოიწვიოს. რუბიომ ამის შესახებ ლისაბონში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ეს ძალიან საშიში ომია. უკიდურესად საშიში ომი, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, როგორც ჩანს, ახლა ვითარება ჩიხში შევიდა. ასეთი სიტუაციები კი ძალიან საშიშია, რადგანაც ჩიხიდან გამოსვლის მხოლოდ ორი გზა არსებობს“, – განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, პირველი გზა მოლაპარაკებებით შეთანხმების მიღწევაა, რაც ორივე მხარისგან მშვიდობის მისაღწევად გარკვეულ დათმობებზე წასვლას მოითხოვს. მეორე გზა კი ესკალაციაა, როდესაც ერთი ან ორივე მხარე სამხედრო მოქმედებებს აძლიერებს მოწინააღმდეგის დასამარცხებლად და ჩიხიდან გამოსასვლელად. რუბიოს შეფასებით, ასეთმა ესკალაცია, შესაძლოა, „გაცილებით უფრო მასშტაბურ და ბევრად უფრო საშიშ რეგიონულ კონფლიქტში“ გადაიზარდოს.
ამასთან, რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია შეწყვეტს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობას, თუ ჩათვლის, რომ ეს პროცესი შედეგს ვერ გამოიღებს.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა აქვს. ვფიქრობთ, რომ ეს ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს. რაც უფრო მალე, მით უკეთესი. აშშ მზად არის, ხელი შეუწყოს ამას. ჩვენ ვცადეთ და კვლავაც ვეცდებით“, – განაცხადა რუბიომ.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონი არ აპირებს „უაზრო პროცესებში“ რესურსების ჩადებას, თუ მათში პროგრესის მიღწევა შეუძლებელია.
„ჩვენ გვსურს, რომ ეს ომი მოლაპარაკებების გზით დასრულდეს, მიღწეული შეთანხმება იყოს მუდმივი, მყარი და სამართლიანი. ჩვენ მზად ვართ, კვლავაც ვიმუშაოთ ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.