მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინა და რუსეთი ომის დასრულებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული – „უკრაინაში ომს არავინ იგებს“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინა და რუსეთი ომის დასრულებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული. ამის შესახებ რუბიომ უზბეკეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
რუბიო სამარყანდში C5+1 შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც აშშ-ს, უზბეკეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და თურქმენეთს აერთიანებს.
ამასთან, სახელმწიფო მდივანს კითხვა დაუსვეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის შესაძლო შეხვედრაზე. რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინის ომის დასასრულებლად ვაშინგტონს, პეკინსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეხვედრაზე. არ ვიცი, დასრულდა თუ არა ამ თემაზე მოლაპარაკებები, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა – მას სურს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი დასრულდეს“,- აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
რუბიოს თქმით, არსებობს რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციისა და გავრცელების რეალური რისკები.
„ამ ომიდან კარგს ვერაფერს ვხედავთ. ჩვენ ამაში ბევრ უარყოფით მხარეს ვხედავთ, მათ შორის ესკალაციისა და გავრცელების რეალურ რისკს. სხვა ქვეყანაში წარუმატებელი დივერსიული თავდასხმის გამო, ელექტრონული ომის შედეგად აფეთქებული დრონების გამო, რომლებიც მეზობელ ქვეყანაში გადადიან“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
ამასთან, რუბიოს თქმით, უკრაინაში ომს არავინ იგებს და ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში რუსეთ-უკრაინის ომი არ მოხდებოდა.
„პრეზიდენტმა ნათლად საუბრობდა. მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. როდესაც ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, თქვა, რომ ეს არასდროს მოხდებოდა, იმ დროს პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, მაგრამ ეს მოხდა. ახლა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია და გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა ხელი შევუწყოთ ომის დასრულებას. ხალხი ყოველდღე იღუპება. ყოველდღე აფეთქდებები ხდება. ტრამპი ამაზე საუბრობდა. ის საუბრობდა დაღუპულთა რიცხვზე. თუ მოუსმენთ პრეზიდენტს, მან არაერთხელ ახსენა ამ ომებში ყოველთვიურად 25 000 ადამიანის დაღუპვა, ნგრევისა და ეკონომიკური ზარალის რაოდენობა“, – აღნიშნა რუბიომ.