მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის მოთხოვნებს შეაფასებს
მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის მოთხოვნებს შეაფასებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის მოთხოვნებს შეაფასებს.

„რუსებმა საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე დეტალურად აღწერეს პირობები, რომლებიც სურთ, შესრულდეს. ჩვენ ვაპირებთ ამ პირობების შეფასებას“, – განაცხადა რუბიომ.

როგორც სახელმწიფო მდივანმა განმარტა, აშშ-ის ოფიციალური პირები იმუშავებენ, რათა უკეთ გაიგონ, „რას წარმოადგენს რუსეთის პოზიცია და რას ითხოვენ ისინი სანაცვლოდ“, შემდეგ კი დონალდ ტრამპს წარუდგენენ და მომდევნო ნაბიჯებზე დაიწყებენ მსჯელობას.

რუბიოს თქმით, რუსეთის მოთხოვნები ძირითადად ეხება ევროკავშირის სანქციების გარკვეული ნაწილის გაუქმებას.