მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ ღიაა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ირანის დელეგაციასთან სასაუბროდ, თუმცა ამ დროისთვის მხარეებს შორის შეხვედრა დაგეგმილი არ არის
აშშ ღიაა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ირანის დელეგაციასთან სასაუბროდ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ მზაობის მიუხედავად, ამ დროისთვის აშშ-სა და ირანის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
„არა მგონია, ამ ეტაპზე რამე იყოს დაგეგმილი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ღია ვართ მსგავსი რამისთვის, განსაკუთრებით თუ მას აქვს პერსპექტივა, რომ რაღაც პოზიტიურამდე მიგვიყვანოს და საბოლოო მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება“, – განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები არ დაუშვებს ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
ცნობისთვის, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ნიუ იორკში ჩავიდა. მასთან ერთად ირანის დელეგაციის წევრებს შორის იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, რომელიც გაერო-ს შტაბ-ბინაში გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად მივიდა.