მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ გააგრძელებს ომის შეწყვეტის მცდელობებს, თუ უახლოეს დღეებში უკრაინა და რუსეთი მოამზადებენ დოკუმენტებს, რომლებიც დაადასტურებს მათ მზადყოფნას დათმობებისთვის
მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ გააგრძელებს ომის შეწყვეტის მცდელობებს, თუ უახლოეს დღეებში უკრაინა და რუსეთი მოამზადებენ დოკუმენტებს, რომლებიც დაადასტურებს მათ მზადყოფნას დათმობებისთვის

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აუცილებლად გააგრძელებს უკრაინაში ომის შეწყვეტის მცდელობებს, თუ უახლოეს დღეებში უკრაინა და რუსეთი მოამზადებენ დოკუმენტებს, რომლებიც დაადასტურებს მათ მზადყოფნას დათმობებისთვის და „რეალურ და რაციონალურ“ მიდგომას.

„ერთი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ მშვიდობის მიღწევას და ძალიან სისხლიანი, ძვირადღირებული და დამანგრეველი ომის დასრულებას, ამიტომ საჭიროა მოთმინების გარკვეული ელემენტი. მეორე მხრივ, ჩვენ არ შეგვიძლია დროის დაკარგვა. მსოფლიოში ბევრი სხვა რამ ხდება, რაზეც ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ამიტომ არ გვინდა, ჩაბმული ვიყოთ უსასრულო მოლაპარაკებების პროცესში, უნდა იყოს გარკვეული პროგრესი, გარკვეული წინსვლა. შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში თუ მივიღებთ ორივე მხარის მიერ მომზადებულ დოკუმენტს და ის აჩვენებს, რომ ორივე მხარე მიდის დათმობებზე და არის რეალისტური და რაციონალური თავის მიდგომაში, მაშინ, ვფიქრობ, შეგვიძლია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ თანამშრომლობას ვაგრძელებთ. თუკი ის, რასაც ვხედავთ, არ იქნება ძალიან პროდუქტიული, შესაძლოა, გვქონდეს სხვა შეფასება“, – განაცხადა რუბიომ.

რუბიომ გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის მიერ მომზადებული დოკუმენტი იქნება „საკმარისად ახლოს იმასთან, რაც უნდათ უკრაინელებს, რათა შესაძლებელი იყოს ამ მომენტამდე მისვლა და, შესაძლოა, ამ უთანხმოებების გადაჭრა“.

რუბიომ ასევე განაცხადა, რომ, ერთადერთი, რაც შეიძლება, დაეხმაროს ჩიხიდან გამოსვლაში, არის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა.

ამასთან, რუბიოს თქმით, ვატიკანმა ძალიან კეთილშობილური შეთავაზება გააკეთა ნებისმიერი შეხვედრის მასპინძლობის შესახებ.

„სხვათა შორის, არა მხოლოდ ზელენსკის და პუტინს შორის შეხვედრის, არამედ ნებისმიერი შეხვედრის, მათ შორის ტექნიკურ დონეზე. ეს არის ძალიან კეთილშობილური შეთავაზება. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა მხარე თავს კომფორტულად იგრძნობს. ასე რომ, იმედია, მივაღწევთ იმ ეტაპს, როდესაც მოლაპარაკებები რეგულარულად გაიმართება“, – განაცხადა რუბიომ.