მარკო რუბიო – აბუ დაბიში გამართული მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო, ცხადია, წინ ბევრი სამუშაოა, ჩვენი მიზანია, მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელებიც იყვნენ წარმოდგენილი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, აბუ დაბიში გამართული მოლაპარაკებები ძალიან პროდუქტიული იყო.
მისივე თქმით, შეთანხმების მიღწევა ერთ დღეში შეუძლებელია.
„ცხადია, წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. ეს ისეთი საკითხი არ არის, რომლის მოგვარებაც მომდევნო 24 საათის განმავლობაშია მოსალოდნელი“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ამასთან, მარკო რუბიოს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ მოლაპარაკებებში ევროპაც ჩაერთოს.
„ჩვენი მიზანია, გავაფართოოთ სამმხრივი ფორმატი, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან უშუალოდ წარმოდგენილი იყვნენ არა მხოლოდ აშშ, უკრაინა და რუსეთი, არამედ ევროპელებიც“, – აღნიშნა რუბიომ.
კითხვაზე, რამდენად სერიოზულად არიან განწყობილი აბუ დაბიში მყოფი რუსი მომლაპარაკებლები ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით, რუბიომ უპასუხა: „სწორედ ამას ვამოწმებთ“.