მარკ რუტემ წყალქვეშა ნავის გამო, რომელიც საფრანგეთის სანაპიროსთან წყლის ზედაპირზე ამოვიდა, რუსეთს დასცინა - გაფუჭებული რუსული წყალქვეშა ნავი პატრულირებიდან კოჭლობით სახლში ბრუნდება
მარკ რუტემ წყალქვეშა ნავის გამო, რომელიც საფრანგეთის სანაპიროსთან წყლის ზედაპირზე ამოვიდა, რუსეთს დასცინა - გაფუჭებული რუსული წყალქვეშა ნავი პატრულირებიდან კოჭლობით სახლში ბრუნდება

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ რუსეთს დასცინა მისი წყალქვეშა ნავის, „ნოვოროსიისკის“ გამო, რომელიც საფრანგეთის სანაპიროსთან წყლის ზედაპირზე ამოვიდა.

რუსეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ დიზელის ძრავიანი წყალქვეშა ნავი ტექნიკური პრობლემების გამო ამოვიდა ზედაპირზე. თუმცა ნიდერლანდების ხელისუფლება აღნიშნავს, რომ წყალქვეშა ნავი ჩრდილოეთის ზღვაში ბუქსირებას დაექვემდებარა.

მარკ რუტემ სლოვენიაში განაცხადა, რომ გემი გაფუჭებული იყო. ნატო-ს საზღვაო სარდლობამ 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც, მათი თქმით, ფრანგული საზღვაო ფრეგატია გადაღებული, რომელიც ბრეტანის სანაპიროსთან ზედაპირზე მცურავ რუსულ წყალქვეშა ნავს აკვირდება.

„2022 წელს რუსეთს ეგონა, რომ უკრაინის განადგურებას რამდენიმე დღეში შეძლებდა. სასტიკი ომის მეოთხე წელს რუსეთი წინსვლისთვის იბრძვის. რუსეთის სამხედრო ძალები გაწელილი არიან. მისი ხმელთაშუა ზღვის სამუშაო ჯგუფი ოდესღაც გემების, წყალქვეშა ნავების და დამხმარე გემების ნაზავს შეადგენდა. ახლა, ფაქტობრივად, ხმელთაშუა ზღვაში რუსული საზღვაო ძალები თითქმის აღარ დარჩა. მარტოხელა და გაფუჭებული რუსული წყალქვეშა ნავი პატრულირებიდან კოჭლობით სახლში ბრუნდება. რა ცვლილებაა ტომ კლენსის 1984 წლის რომან „წითელი ოქტომბრის ძიებასთან“ შედარებით. დღეს ეს უფრო უახლოესი მექანიკოსის ძებნას ჰგავს“, – განაცხადა მარკ რუტემ.

11 ოქტომბერს ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნიდერლანდების საზღვაო ფლოტმა ჩრდილოეთის ზღვაში ესკორტირება გაუკეთა „ნოვოროსიისკს“ და მის თანმხლებ ბუქსირ გემს, „იაკოვ გრებელსკის“. ამასთან, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ორშაბათს განაცხადა, რომ წყალქვეშა ნავი ხმელთაშუა ზღვაში ამოცანების შესრულების შემდეგ „დაგეგმილ ფლოტებს შორის ტრანზიტს“ ახორციელებდა.