მარკ რუტე - თეირანში მჩაგვრელი რეჟიმი მასობრივ ძალადობას მიმართავს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ნატო-ს მოკავშირეები ყოველდღიურად მუშაობენ ამ კრიზისის მოსაგვარებლად
ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე ირანში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თეირანში „მჩაგვრელი რეჟიმი მასობრივ ძალადობას მიმართავს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ“.
„თეირანში ეს მჩაგვრელი რეჟიმი მასობრივ ძალას და ძალადობას მიმართავს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. უამრავი ინფორმაცია ვრცელდება მრავალი ადამიანის დაღუპვის შესახებ, რაც ამაზრზენია. შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ნატო-ს მოკავშირეები ყოველდღიურად მუშაობენ ამ კრიზისის მოსაგვარებლად და ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზე არიან. ირანს საუკეთესოს ვუსურვებთ. განსაკუთრებით, არა ხელმძღვანელობას, არამედ ირანელ ხალხს“, – აღნიშნა მარკ რუტემ.
გარდა ამისა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა Global Europe Forum 2026-ში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსული „ორეშნიკის“ ტიპის რაკეტები საშინელი იარაღია და მოკავშირეებს მოუწოდა, სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინას რაკეტები, რომლებიც ქვეყანას „ორეშნიკის“ ჩამოგდებაში დაეხმარება.
„ისინი ახლა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს. ამას არაფერი აქვს საერთო ფრონტის ხაზზე მიმდინარე ბრძოლებთან. ეს კეთდება მხოლოდ იმისთვის, რომ პანიკა და სიკვდილი დათესონ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში. ეს არის მტკიცებულება იმ სისასტიკეებისა, რომელთა ჩასადენადაც რუსები მზად არიან“, – განაცხადა რუტემ.