მარკ რუტე - რუსეთის მხრიდან პოლონეთზე ან ალიანსის სხვა სახელმწიფოზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში ჩვენი პასუხი გამანადგურებელი იქნება
რუსეთის მხრიდან პოლონეთზე ან ალიანსის სხვა წევრ სახელმწიფოზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში ჩვენი პასუხი გამანადგურებელი იქნება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ვარშავაში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„როდესაც საქმე ეხება პოლონეთის და ნატო-ს ტერიტორიის დაცვას, თუ ვინმე იფიქრებს, რომ მათ შერჩებათ პოლონეთზე ან ალიანსის რომელიმე სხვა წევრ ქვეყანაზე თავდასხმა, ისინი შეხვდებიან ამ ალიანსის სისასტიკეს მთელი ძალით. ჩვენი პასუხი გამანადგურებელი იქნება“, – განაცხადა რუტემ.
მისივე თქმით, ეს უნდა იყოს „ძალიან გასაგები ვლადიმერ პუტინისთვის და ნებისმიერი სხვა პირისთვის, ვინც გაბედავს ჩვენზე თავდასხმას“.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრანსატლანტიკური პარტნიორობა რჩება ალიანსის საფუძვლად და ეს არ შეიცვლება.