მარკ რუტე - ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება თუ არ არის ვარიანტი, სულ მცირე, უნდა უზრუნველვყოთ საკმარისად ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები, რომ რუსეთი აღარასდროს შეეცდება თავდასხმას
მარკ რუტე - ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება თუ არ არის ვარიანტი, სულ მცირე, უნდა უზრუნველვყოთ საკმარისად ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები, რომ რუსეთი აღარასდროს შეეცდება თავდასხმას

ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება თუ არ არის ვარიანტი, სულ მცირე, უნდა უზრუნველვყოთ საკმარისად ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები, რომ რუსეთი აღარასდროს შეეცდება თავდასხმას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ესპანურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, 1949 წლის ვაშინგტონის ხელშეკრულება ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას საშუალებას აძლევს, შეუერთდეს ნატო-ს, მაგრამ მოკავშირეებს შორის ერთსულოვნების გარეშე ეს შეუძლებელია.

რუტეს განცხადებით, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი რუსეთი ევროპისთვის გრძელვადიან საფრთხედ დარჩება.

„რუსეთს არც ხმის მიცემის და არც ვეტოს უფლება აქვს იმაზე, ვინ შეიძლება იყოს ნატო-ს წევრი, თუმცა ალიანსის ფარგლებში წევრობისთვის ერთსულოვნებაა საჭირო. ვაშინგტონის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის გზა ნატო-ში შეუქცევადია. ამავდროულად, რამდენიმე მოკავშირემ, მათ შორის აშშ-მა, განაცხადა, რომ ამჟამად ეწინააღმდეგებიან უკრაინის გაწევრიანებას.

სამშვიდობო გეგმის მიზანია უზრუნველყოფა, რომ პუტინი აღარასდროს შეეცდება უკრაინაზე თავდასხმას. ნატო-ში წევრობა თუ არ არის ვარიანტი, ჩვენ, სულ მცირე, საკმარისად ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები უნდა უზრუნველვყოთ, რათა რუსეთმა აღარ განახორციელოს ხელახალი თავდასხმა.

პირველი კითხვაა, როგორ შევინარჩუნოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე? მეორე არის ის, რა წვლილი შეუძლია, შეიტანოს მოხალისეთა კოალიციამ [ქვეყნების ჯგუფი, რომელსაც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ხელმძღვანელობენ]? მესამე არის ის, რა წვლილი შეუძლია, შეიტანოს აშშ-მა, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან ალასკაში შეხვედრამდე განაცხადა, რომ მას სურს უსაფრთხოების გარანტიებში ჩართვა. ეს დებატები მიმდინარეობს“, – განაცხადა მარკ რუტემ.