მარკ რუტე - მე სრულიად ვენდობი პრეზიდენტ ტრამპს, ის ერთადერთი ლიდერია, რომელსაც შეუძლია უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა
ტრამპი ერთადერთი ლიდერია, რომელსაც შეუძლია უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ვაშინგტონში სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რუტეს თქმით, რამდენიმე საათში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.
„მინდა, მადლობა გადავუხადო სენატორებს ნატო-სადმი მათი მტკიცე მხარდაჭერისთვის. პრეზიდენტ ტრამპის ხელახლა არჩევის შემდეგ ნატო განახლდა. გადავწყვიტეთ, თავდაცვაზე 5% დაგვეხარჯა, რითიც, ფაქტობრივად, გავუთანაბრეთ ევროპელებისა და კანადელების თავდაცვის ხარჯები აშშ-ის ხარჯებს. დღეს მოგვიანებით შევხვდები პრეზიდენტს. ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია, ნატო-ს მხრიდან დავეხმაროთ მისი ხედვის განხორციელებაში უკრაინაში მშვიდობის დამყარების კუთხით“, – განაცხადა რუტემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, – „თქვენი აქ ვიზიტი არ მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ ზელენსკის პარასკევს გამართული შეხვედრა სრული კატასტროფა იყო?“ – რუტემ უარყოფითი პასუხი გასცა.
„არა, რადგან ეს ვიზიტი მანამდე უკვე დაგეგმილი იყო. ღაზაში უზარმაზარი წარმატების შემდეგ პრეზიდენტს ვესაუბრებოდი და ვუთხარით, მოდი, ვაშინგტონში შევხვდეთ, რათა განვიხილოთ, თუ როგორ შეგვიძლია ახლა მისი ხედვის განხორციელება უკრაინაში მშვიდობის შესახებ. რაც შეეხება გასულ კვირას, პარასკევს, შეხვედრას, თქვენც მოისმინეთ პრეზიდენტი ზელენსკის განცხადებები. ვფიქრობ, რომ კარგი შეხვედრა იყო. ეს წარმატებული შეხვედრა იყო. მე სრულიად ვენდობი პრეზიდენტ ტრამპს და ის ერთადერთია, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. ის დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ერის ლიდერია. თქვენ, ყველანი დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ერის, ყველაზე ძლიერი ეკონომიკისა და ყველაზე ძლიერი სამხედრო ქვეყნის მოქალაქეები ხართ. თქვენ გყავთ პრეზიდენტი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს თავისი პირველი ვადის გამო და რომელსაც აქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა დაასრულოს ეს ომი მტკიცე და ხანგრძლივი პერიოდით. მას ეს სურს. მას სურს სისხლისღვრის დასრულება. მას სურს მკვლელობების დასრულება და მან იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს. მისი ლიდერობა აქ გადამწყვეტია“, – განაცხადა რუტემ.