მარკ რუტე - ევროპელმა მოკავშირეებმა არ უნდა იღელვონ აშშ-ის ერთგულებაზე ნატო-ს მიმართ
ევროპელმა მოკავშირეებმა არ უნდა იღელვონ აშშ-ის ერთგულებაზე ნატო-ს მიმართ. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ საზოგადოებრივ ფორუმზე განაცხადა. თუმცა როგორც რუტემ აღნიშნა, ამას თან ახლავს მოლოდინი, რომ ევროპული ქვეყნები და კანადა თავდაცვის ხარჯებს გაზრდიან.
„ნომერ პირველი კითხვა იყო: „მაშ, არის აშშ ისევ ჩვენთან?“ – დიახ, ჩვენთან არიან. აშშ-ის პრეზიდენტისა და აშშ-ის უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან არის ნატო-სადმი სრული ერთგულება“, – განაცხადა მარკ რუტემ.
„თუმცა ამას თან ახლავს მოლოდინი, რომ ჩვენ საბოლოოდ მოვაგვარებთ ამ დიდ გამღიზიანებელს, რაც არის ის, რომ ევროპელები და კანადელები არ ვხარჯავთ საკმარისს და მათ სურთ, რომ გავუთანაბრდეთ აშშ-ის ხარჯებს“, – თქვა რუტემ.
მარკ რუტემ, ასევე, ევროპელ კოლეგებს მიმართა.
„ჩემი ევროპელი კოლეგებისადმი გზავნილია, შეწყვიტეთ ამდენი ღელვა. დაიწყეთ იმის უზრუნველყოფა, რომ თქვენ გქონდეთ საინვესტიციო გეგმები, თქვენი ინდუსტრიული ბაზა აღდგეს და იმუშაოს, უკრაინისადმი მხარდაჭერა დარჩეს მაღალ დონეზე, საბედნიეროდ, ის დღესაც შენარჩუნებულია. ეს არის ის, რაზეც უნდა იმუშაოთ და შეწყვიტოთ სირბილი და აშშ-ზე დარდი. ისინი აქ არიან, ისინი ჩვენთან არიან“, – თქვა რუტემ.