მარკ რუტე აცხადებს, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხი თეთრ სახლში გამართულ მოლაპარაკებებზე არ განხილულა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ თეთრ სახლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხი არ განხილულა.
რუტეს თქმით, უახლოეს დღეებში აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი, თუმცა ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, ზუსტად როგორ იმოქმედებს ეს გარანტიები.
„როცა საქმე თანხას ეხება, დიახ, აშშ-მა ძალიან ბევრი ფული დახარჯა უკრაინაზე. კარგი ამბავი ისაა, რომ პრეზიდენტ ტრამპს ჩემი მეშვეობით მოლაპარაკებები ჰქონდა ნატო-ში ევროპელ პარტნიორებთან, რომ ამერიკული იარაღის მიწოდების საფასურს ევროპელი პარტნიორები იხდიან. ასე რომ, ეს კარგი ამბავია ამერიკული საშუალო კლასისთვის, მაგრამ ასევე კარგი ამბავია უკრაინისთვის, რადგან ეს ნიშნავს, რომ აშშ-დან ლეტალური იარაღის ნაკადი უკრაინაში გრძელდება“, – განაცხადა რუტემ.