მარკ რუტე აცხადებს, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ცალ-ცალკე არ უნდა იმოქმედონ
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ აშშ და ევროპა გააფრთხილა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ცალ-ცალკე არ უნდა იმოქმედონ.
ვარშავაში, ეკონომიკის სკოლაში სიტყვით გამოსვლისას რუტემ აღნიშნა, რომ აშშ-ს სჭირდება ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა უსაფრთხოების განმტკიცებაში, და ნატო უნდა გახდეს უფრო თანასწორი და სამართლიანი.
„არსებობს მკაცრი რიტორიკა. არის რთული დებატები ევროპასა და ამერიკას შორის ვაჭრობისა და საბაჟო გადასახადების შესახებ. ასევე არის მოწოდებები ევროპული ავტონომიის იდეების აღსადგენად. მე აბსოლუტურად მკაფიოდ განგიმარტავთ, ახლა არ არის დრო დამოუკიდებლად მოქმედებისთვის – არც ევროპისთვის და არც ჩრდილოეთ ამერიკისთვის. გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები ძალიან დიდია საიმისოდ, რომ რომელიმე ჩვენგანი დამოუკიდებლად გაუმკლავდეს“, – განაცხადარუტემ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა უნდა ენდოს ამერიკას.
„შეგვიძლია, ვენდოთ ამერიკელებს? დიახ. ისინი ჩვენი უმსხვილესი პარტნიორები არიან, უდიდესი მოკავშირეები ნატო-ში“, – თქვა რუტემ.
მან აგრეთვე გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აღნიშნა, რომ მასთან შეთანხმების მიღწევა რთულია.
„მე ერთი რამ ვიცი, როდესაც გიწევთ პუტინთან საქმის ქონა, მას ვერ ენდობით, და შეთანხმებას მხოლოდ უკანასკნელ წუთებში მიაღწევთ. ამერიკელებმა ეს იციან, და ვფიქრობ, რომ ისინი სწორი გზით აწარმოებენ ამ მოლაპარაკებებს“, – აღნიშნავს რუტე.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა შორეულ მომავალშიც კი რთული იქნება.
„რუსული საფრთხე კვლავ აქ იქნება, მაშინაც კი, თუ ომი დასრულდება“, – განაცხადა მარკ რუტემ.