მარკ კლეიტონი - სამი წელია, საქართველოში ვიმყოფები და ვუყურებ, როგორ ვითარდება კიბერუსაფრთხოების სფერო, ვამაყობ, რომ დიდმა ბრიტანეთმა მოახერხა საქართველოს დახმარება
მარკ კლეიტონი - სამი წელია, საქართველოში ვიმყოფები და ვუყურებ, როგორ ვითარდება კიბერუსაფრთხოების სფერო, ვამაყობ, რომ დიდმა ბრიტანეთმა მოახერხა საქართველოს დახმარება

სამი წელია, რაც საქართველოში ვიმყოფები და ვუყურებ, როგორ ვითარდება საქართველოში კიბერუსაფრთხოების სფერო მთელ რეგიონში. ძალიან ვამაყობ, რომ დიდმა ბრიტანეთმა მოახერხა საქართველოს დახმარება, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა კიბერუსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გამოწვევების პერიოდში კოლექტიური ძალისხმევა მნიშვნელოვანია.

„საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა და თურქეთის წარმომადგენლებმა ძალიან კარგად ისაუბრეს. გამიჭირდება, მჭევრმეტყველი ვიყო, მაგრამ ნამდვილად დავადასტურებ, რომ დროულია დღევანდელი ღონისძიება და თემატიკა. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კოლექტიური ძალისხმევა ამ გამოწვევების პერიოდში. როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა და სახელმწიფო მინისტრმა ასევე დაადასტურა, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს საკითხი იყოს აქტუალური და ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა მობილიზებული ამ გამოწვევებთან საბრძოლველად. ფორუმზე საუბარი იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე, საქართველოს შესაძლებლობებისა და მედეგობის განვითარებაზე, საერთაშორისო თანამშრომლობაზე. დიდი ბრიტანეთი და მისი სტრატეგია მიზნად ისახავს ლიდერული პოზიციის გამოკვეთას ამ მიმართულებით და ამ სტრატეგიის ძირითადი ნაწილი გულისხმობს კიბერუსაფრთხოების, მედეგობის გაძლიერებას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, რათა კოლექტიური ძალისხმევა იყოს შესაბამისი და დავძლიოთ ეს გამოწვევები.

ამ სტრატეგიას თუ წაიკითხავთ და გაეცნობით, ნახავთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა მონიშნულია, როგორც საუკეთესო მაგალითი, როგორ შეიძლება, ორმა ქვეყანამ ითანამშრომლოს ჩვენი საერთო ინტერესების გათვალისწინებით. ეს არის უფრო ფართო თავდაცვისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ნაწილი. უკვე სამი წელია, რაც საქართველოში ვიმყოფები, ვუყურებ, როგორ ვითარდება საქართველოში კიბერუსაფრთხოების სფერო მთელ რეგიონში. ძალიან ვამაყობ, რომ დიდმა ბრიტანეთმა მოახერხა საქართველოს დახმარება. მე ვარ პირველწყარო იმ მტკიცებულებისა, რომელსაც ამ მიმართულებით ვაცხადებთ პარტნიორობის შესახებ. ძალიან ბევრი რამ ერთად გაგვიკეთებია. პირველი – ჩემმა სახელმწიფო მინისტრმა პირადად იკისრა ვალდებულება დღის წესრიგზე, მან მოაწერა ხელი თანხების გამოყოფის ბრძანებულებას და სწორედ ამიტომ იყო ამაყი, როცა მარტში ჩამოვიდა და შედეგები იხილა. მე ვახლდი ჩემს სახელმწიფო მინისტრს და ვიხილეთ, როგორ ვითარდება ეს სფერო საქართველოში; მეორე – მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ამ მიმართულებით. ამ ინიციატივების ფარგლებში მოხდება საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობების განვითარება, რათა ეს ამოცანები განხორციელდეს. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად მოვახერხეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით კამპანიის წარმოება. ყველაფერი კეთდება, რათა კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოვლენილი იყოს დარღვევები. მიხარია, რომ ჩვენი პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს, ამ სფეროში ქალთა პირველ ინიციატივას დავუჭიროთ მხარი. ეს ეხმიანება ძალისხმევას, რომელსაც გენდერული ნიშნით ვახორციელებთ. კიბერუსაფრთხოება და ეს სფერო არის მიმართულება, რომელსაც აკლია ქალთა მონაწილეობა და ჩართულობა“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.