მარკ კარნი – ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს, შევთანხმდით, რომ მომდევნო კვირებში უფრო ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს, მოუთმენლად ველოდები ამ პროცესს

22:46, 21.07.2026

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ 21 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, რა დროსაც მხარეები შეთანხმდნენ, უახლოეს კვირებში სავაჭრო მოლაპარაკებები გაააქტიურონ.

კარნის თქმით, კანადამ აშშ-ს წარუდგინა ყოვლისმომცველი და დეტალური წინადადებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოდერნიზდეს კანადა-აშშ-მექსიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებული შტატები საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადადის.

„დღეს დილით პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე. შევთანხმდით, რომ მომდევნო კვირებში მოლაპარაკებებს უფრო ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელებთ. ჩემი გუნდი და მე მოუთმენლად ველოდებით ამ პროცესს. როგორც ყოველთვის, კანადელები, მთავრობა, ბიზნესი და შრომითი სექტორი ერთად ვიმუშავებთ, რათა კანადა ძლიერი იყოს და ჩრდილოამერიკელ პარტნიორებთან ისეთი სავაჭრო ურთიერთობა გვქონდეს, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება“, – განაცხადა კარნიმ.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კანადა მზადაა, ყველა შესაძლო ნაბიჯი განიხილოს, თუ ვაშინგტონი ტარიფების დაწესების გეგმას განახორციელებს.

„შექმნილი ვითარება ასეთია – დაწესებული ტარიფები 29 დღეში შევა ძალაში. ეს მართლაც თუ მოხდება, ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვით ვუპასუხებთ“, – განაცხადა კარნიმ.

მარკ კარნის თქმით, კანადა მხოლოდ ნაწილობრივი შეთანხმებით არ დაკმაყოფილდება და სურს, მოლაპარაკებები ყველა სტრატეგიულ სექტორს მოიცავდეს.

„ჩვენ უკვე მოლაპარაკებების მაგიდასთან ვართ და უფრო ინტენსიური განხილვები გვექნება. ჩვენთვის მთავარი საკითხი ყოველთვის იყო ყოვლისმომცველი შეთანხმება. გვესმის, როგორ უდგება აშშ სტრატეგიულ სექტორებს. ესენია: ალუმინი, ტყის პროდუქტები, ფოლადი, ავტომობილები, ფარმაცევტული პროდუქცია, სპილენძი და სხვა. მათ შორის, კანადის ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პირველი ოთხი სექტორია. ჩვენ არ გვინდა ნაწილობრივი შეთანხმება გვინდა ისეთი შეთანხმება, რომელიც ამ სექტორებსაც მოიცავს. ჩვენი აზრით, სწორედ ეს არის სწორი გზა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მარკ კარნიმ აღნიშნული განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ტრამპმა კანადის მიმართ ახალი ტარიფების დაწესებაზე ისაუბრა. კანადის პრემიერ-მინისტრის თქმით, კანადის მთავრობა კვლავ უპირატესობას ანიჭებს მოლაპარაკებების გზით ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც ორივე ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს დაიცავს.

მსგავსი