მარკ კარნი მიესალმება კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსს და აცხადებს, რომ ალიანსის მიზანია არა დიდი სახელმწიფოების მეტოქეობა, არამედ მდგრადობის განმტკიცება

14:56, 17.09.2026

კანადა მიესალმება ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ შემოთავაზებულ „ასოცირებული წევრის“ სტატუსს – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

კანადის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ კანადელების აბსოლუტური უმრავლესობა ევროპასთან გაცილებით მჭიდრო კავშირებს უჭერს მხარს. კარნის განცხადებით, „მომავლის ალიანსი“ არის უნიკალური და პოზიტიური მიდგომა, რომელსაც მხარეები ერთობლივად განსაზღვრავენ საერთო ძლიერ მხარეებსა და ღირებულებებზე დაყრდნობით.

მარკ კარნის თქმით, კანადაც და ევროპაც ძლიერები არიან, თუმცა ევროპა და კანადა ერთად უფრო ძლიერები არიან.

„ჩვენ არ ვართ მოკავშირეები მხოლოდ ხელსაყრელ პირობებში; ჩვენ არ ვეძებთ ისეთ გარიგებებს, სადაც ერთი მხარის მოგება მეორის წაგებას ნიშნავს. კანონის უზენაესობისადმი ჩვენი ერთგულება და ადამიანის ღირსების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და დემოკრატიის მტკიცე დაცვა ერთი და იმავე ღრმა ფესვებიდან და ურყევი თავდადებიდან მომდინარეობს. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, რომელთა დასაცავადაც მუდამ ვიბრძოდით და რომელთა დასაცავადაც მუდმივად სიფხიზლე გვმართებს. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი ეკონომიკა თავისთავად მიზანი კი არ არის, არამედ სამართლიანი საზოგადოების შექმნის საშუალება“, – აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

კანადის მთავრობის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ევროპასა და კანადას შეუძლიათ, ერთად უფრო ძლიერად დადგნენ სტრატეგიული შესაძლებლობების ხარვეზების შევსებით, რაც ორივე მხარეს საშუალებას მისცემს, უკეთ გაუძლოს შოკებს.

„სუვერენიტეტი სცილდება მხოლოდ საკუთარი თავის საკვებით, საწვავითა და თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოფის შესაძლებლობას. ის ახლა მოითხოვს უსაფრთხო წვდომას ხელოვნურ ინტელექტზე, ნახევარგამტარებზე, კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე, გადახდის სისტემებზე, სუფთა ენერგიის ტექნოლოგიებზე, ვაქცინებსა და კოსმოსურ საკომუნიკაციო სისტემებზე“, – განაცხადა კანადის პრემიერმა.

მარკ კარნი აღნიშნავს, რომ ევროკავშირსა და კანადას შორის უფრო მჭიდრო პარტნიორობის შესახებ მისი ხედვა არ ისახავს მიზნად „დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის“ შექმნას.

„ასევე მინდა, ზუსტად განვმარტო, თუ რას არ ვთავაზობ: არ ვთავაზობ ისეთი მესამე ბლოკის შექმნას, რომელიც დიდი სახელმწიფოების მეტოქე გახდება — ოღონდ უკეთესი მანერებით. ჩვენ არ ვესწრაფვით ძალაუფლებას სხვებზე ბატონობისთვის; პირიქით, ჩვენი მიზანი მდგრადობის განმტკიცებაა. შესაბამისად, ვერავინ შეძლებს ჩვენი ღია ბაზრების გაკონტროლებას, სუვერენიტეტის შელახვას, ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნას ან ჩვენი თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შერყევას“, – აღნიშნა მარკ კარნიმ.

მარკ კარნიმ კანადასა და ევროკავშირს შორის ახლად ჩამოყალიბებული ალიანსი წარმოადგინა, როგორც „შუქურა დემოკრატიებისთვის“, რომელიც „საკმარისად ღია“ იქნება სხვა ქვეყნების მისაღებად. კარნიმ ასევე განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეუძლია, „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების“ მხარდასაჭერად „დიდი მასშტაბით“ მიაწოდოს გათხევადებული ბუნებრივი აირი (LNG) და წყალბადი. ეს წინადადება ითვალისწინებს ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას შორეულ ჩრდილოეთსა და კანადის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

მსგავსი