მარკ ესპერი - პენტაგონი ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს სერიოზულად მიუდგება
მარკ ესპერი - პენტაგონი ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს სერიოზულად მიუდგება

იმის მიუხედავად, რომ პენტაგონი არ ფლობს ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ცნობებს, ავღანეთში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის სანაცვლოდ რუსეთის მიერ „თალიბებისთვის“ ანაზღაურების შეთავაზების შესახებ, პენტაგონი ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს სერიოზულად მიუდგება. როგორც „ფოქს ნიუსი“ იუწყება, ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივან მარკ ესპერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ის და თავდაცვის სამინისტროს მეთაურობა დარწმუნებული არიან, რომ ავღანეთში ამერიკული ძალები ფლობენ საუკეთესო სადაზვერვო საშუალებებს, იარაღს, აღჭურვილობას, თავდაცვის საშუალებას, ტაქტიკას ნებისმიერი საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რათა უზრუნველყონ მისიის უსაფრთხოება და წარმატება.

გასულ კვირაში გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები მოძრაობა „თალიბანს“ ანაზღაურებას სთავაზობდნენ საერთაშორისო კოალიციის ძალებზე, მათ შორის ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის სანაცვლოდ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აღნიშნულ ცნობებს ყალბს უწოდებს.