მარკ ესპერი ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ალიანსის ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი გადარიცხონ
მარკ ესპერი ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ალიანსის ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი გადარიცხონ

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ბიუჯეტში მათი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი გადარიცხონ. ეს განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს. ვისაუბრებთ ნატო-ს მზაობის გაუმჯობესებაზე და კვლავ მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, რომ შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება და მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი ალიანსის ბიუჯეტში გადარიცხონ“, – განაცხადა მარკ ესპერმა.

თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი „კოვიდ-19“-ის პანდემიის შესაძლო მეორე ტალღისთვის ემზადება.

„ჩვენმა ქვეყნებმა ინვესტირება უნდა გააგრძელონ, იმისთვის რომ სიძლიერე შეინარჩუნოთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ჯანდაცვის კრიზისი არ გადაიქცევა უსაფრთხოების კრიზისად, რადგან უსაფრთხოების კუთხით, პანდემიამდე არსებული გამოწვევები არსად გამქრალა“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, აშშ-ს თავდაცვის მდივანთან განხილვის ერთ-ერთი მთავარ თემა რუსეთიც იქნება.