მარკ ესპერი - აშშ-ი დაიცავს სირიის ნავთობსაბადოებს და ნებისმიერ მოწინააღმდეგეს სამხედრო ძალით უპასუხებს, მათ შორის რუსეთსა და სირიას
აშშ-ი დაიცავს სირიის ნავთობსაბადოებს და დაპირისპირების შემთხვევაში, ნებისმიერ მოწინააღმდეგეს სამხედრო ძალით უპასუხებს, მათ შორის რუსეთსა და სირიას, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა განაცხადა.
მარკ ესპერის თქმით, ვაშინგტონის ამოცანაა, რომ ნავთობსაბადოები მოკავშირე ქურთულმა დაჯგუფებამ, „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ გამოიყენოს.
პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები ნავთობსაბადოებს უკვე იცავენ.
სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ერაყიდან სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჰასაქას პროვინციაში დაბრუნდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის მოქმედებას სახელმწიფო ბანდიტიზმი უწოდეს და ვაშინგტონი ნავთობის კონტრაბანდის ხელშეწყობაში დაადანაშაულეს.