მარინა კალიურანდი - ოკუპაციის შემდეგ დავუშვით შეცდომა, რომ ევროკავშირი დაუბრუნდა რუსეთთან ჩვეულებრივ ურთიერთობებს, ვიდრე ის შეასრულებდა თავის ვალდებულებებს
ოკუპაციის შემდეგ დავუშვით შეცდომა, რომ ევროკავშირი დაუბრუნდა რუსეთთან ჩვეულებრივ ურთიერთობებს, ვიდრე ის შეასრულებდა თავის ვალდებულებებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის წევრმა, მარინა კალიურანდიმ განაცხადა ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაზე „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი“.
„ვერ შევცვლით რუსეთს, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი გახლავთ აგრესიული, წინასწარ ვერგანჭვრეტადი, ვერ ვხედავთ, რომ რუსული მხრიდან არსებობს სურვილი, ოკუპაციის შემდეგ შეცვალოს თავისი ქცევა, მაგრამ ოკუპაციის შემდეგ რა შეცდომაც დავუშვით, გახლავთ ევროკავშირის გადაწყვეტილება, ჩვეულებრივ ურთიერთობებს დაბრუნებოდა რუსეთთან, ვიდრე რუსეთი შეასრულებდა ევროკავშირის მედიაციით მიღწეული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებებს. დღეს სანქციების რეჟიმი რუსეთის წინააღმდეგ არის პრაქტიკული ნაბიჯი. ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, ეს სანქციები შემოღებული იყო ყირიმის შემდგომ, თუმცა ყველას ესმის, რომ ეს გაცილებით ფართოა, ეს გახლავთ რუსეთის აგრესიული ქცევის გამო“, – აცხადებს მარინა კალიურანდი.
კალიურანდის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, უკრაინა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა იყოს დღის წესრიგში.
„მე ესტონელი ვარ, ესტონეთის საგარეო პოლიტიკაში ვარ ჩართული. ვიყავი ელჩი რუსეთში საქართველოსთან ომის დროს. როდესაც ჩვენს საელჩოში ქართულ ღვინოს მივირთმევდით, ტალინიდან ჩავიტანეთ, რადგან რუსეთში აკრძალული იყო და რუსეთის ყველა ოფიციალური პირი, რომელიც მოდიოდა ჩემს საელჩოში, ქართულ ღვინოს სვამდა. ჩვენ ამას ვეძახდით ღვინის დიპლომატიას და როდესაც ამირჩიეს ევროპულ პარლამენტში, ძალზე ამაყი ვიყავი, რომ ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის მიმართულებით ჩატარდა რამდენიმე ნაყოფიერი შეხვედრა ქართველ კოლეგებთან. თუ შევხედავთ, რა მოხდა 12 წლის წინ, ჩვენ ყველა ერთსა და იმავე შეხედულებაზე ვართ, ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ორი მნიშვნელოვანი დეტალია. პირველი, საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები უნდა იყვნენ დღის წესრიგში. ზოგჯერ ევროპულ პარლამენტში ვგრძნობთ, რომ ევროპელები დაიღალნენ აღმოსავლეთ ევროპით, აღმოსავლეთ პარტნიორობით. ამბობენ, რომ ჩვენ საკმარისი პრობლემები გვაქვს ჩვენს ქვეყნებში, ეს იქნება მიგრაცია, ეკონომიკა და ასე შემდეგ. ვგრძნობ, რომ ქვეყნები და პოლიტიკოსები, ევროპარლამენტის წევრები არიან დაღლილი და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, უკრაინა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა იყოს დღის წესრიგში.
ჩემთვის გადამწყვეტია, ყველა პოლიტიკურ განცხადებაში ვთქვა, რომ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. წერტილი. ვამაყობ, რომ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მაკკალისტერთან ერთად, ერთობლივ განცხადებას გამოვაქვეყნებთ და ვიმეორებთ მსგავს პრინციპებს, არაღიარების პოლიტიკას, ოკუპაციას. ეს გახლავთ პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც უნდა იყოს ევროპის დღის წესრიგში, უნდა იყვნენ მუდმივად განახლებადი. როდესაც პრაქტიკაში შევხედავთ, რა გააკეთა ევროპამ, უნდა გავაგრძელოთ ამის კეთება. DCFTA-იყო აღნიშნული, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვენლოვანია, ველოდებით დღეს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან“, – აცხადებს მარინა კალიურანდი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად, დღეს უმასპინძლა ონლაინ საერთაშორისო კონფერენციას „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი“.