მარინა კალიურანდი - მინდა, ვიხილო, რომ საქართველო დაუბრუნდეს ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებას
მინდა, ვიხილო, რომ საქართველო დაუბრუნდეს ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებას, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდიმ.
ევროპარლამენტარმა კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის მზადყოფნაზე, თვითმმართველობის არჩევნებშიც აამოქმედონ მხარდაჭერის 40-პროცენტიანი პრინციპი.
„მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ რჩევა მივცე პოლიტიკურ პარტიებს, რადგან ეს უნდა იყოს მათი შიდა გადაწყვეტილება. რჩევას არც ბატონი დანიელსონის იძლეოდა, ის ცდილობდა, მოეძებნა კომპრომისი. თუ ერთ-ერთი პარტია დამატებით შეთავაზებას აკეთებს, ამას აღიარება სჭირდება. ეს არის ნაბიჯი კომპრომისის მოძიებისკენ. თუმცა, ნამდვილად ვერ ვეტყვი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, რა არის სწორი ნაბიჯი. მე მინდა, ვიხილო, რომ საქართველო დაუბრუნდეს ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებას; მე მინდა, რომ საქართველოს ახლო ურთიერთობები ჰქონდეს ევროკავშირთან; მე მსურს, რომ ჩვენ კარგი პარტნიორები ვიყოთ და საქართველომ გააგრძელოს ის გზა, რომელზეც ბევრ წარმატებას მიაღწია. იმედია, ეს იქნება კრიზისის დასასრული და ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს თემებზე, რომლებიც გაცილებით მნიშვნელოვანია და მე ვიტყოდი, გადამწყვეტიც კია საქართველოსთვის დღეს. განსაკუთრებით გავამახვილებდი ყურადღებას საერთაშორისო გარემოზე, რომელიც უფრო მეტი გამოწვევებით არის აღსავსე და სიტუაცია უფრო ყოველდღე და ყოველ საათში უფრო რთული ხდება“, – განაცხადა კალიურანდიმ.