თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არა კრიტიკული.

„დაგვემატა კიდევ ერთი ახალი მძიმე პაციენტი. როცა შემოვიდა იყო საშუალოზე მძიმე, მაგრამ დაავადებამ განიცადა პროგრესირება. მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა, მისი მდგომარეობა  ამ ეტაპზე მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფცირებულ ძველ პაციენტებს, ეზუგბაია ამბობს, რომ ვითარება უცვლელია.

კერძოდ, ეზუგბაიას განმარტებით, ოთხი მძიმე პაციენტიდან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ორის შემთხვევაში კი სტაბილური ვითარება ნარჩუნდება.

„დანარჩენი ოთხი პაციენტის მდგომარეობა უცვლელია. ამ ოთხიდან ორი გვყავს კრიტიკული, სტაბილიზირება ჯერ ვერ მოხერხდა, თუმცა დანარჩენი ორის სტაბილიზაცია არის და რამდენიმე დღეს დავაკვირდებით და შემდეგ ვიტყვით პროგნოზულად გამოსავალი როგორი გვექნება“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაია აცხადებს, რომ გუშინ დაახლოებით 19 პაციენტზე ჩატარდა ტესტი და ყველას შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო.

ეზუგბაიას განმარტებით, ორი ახალი პაციენტი მათ ცენტრში უკვე დადასტურებული დიაგნოზით შეიყვანეს.

„გუშინ დაახლოებით 19 პაციენტზე გაკეთდა ტესტირება და ჩვნეთან არც ერთი იყო დადებითი. მხოლოდ და მხოლოდ განმეორებით პასუხებში როგორც ყოველთვის ცნობილია, მეტ- ნაკლებად ზოგთან არის კონცენტრაციის მნიშვნელოვნად შემცირება, თითქმის უარყოფითია, მაგრამ ამას ვერ ვწერთ და გამეორებითი ტესტირებით შემდეგ ვიტყვით, რა სიტუაციაა. ეს ორი დადასტურებული შემოგვიყვანეს ჩვენ პირდაპირ, ჩვენთან არ მომხდარა მათი დადასტურება“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.