მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარნეულთან არის დაკავშირებული
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარნეულთან არის დაკავშირებული

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარნეულთან არის დაკავშირებული.

მისივე თქმით, ახალი პაციენტები კოვიდის მიმღებ სხვა ცენტრებში არიან მოთავსებული.

„დილის შემდეგ მონაცემები შეიცვალა. დილას თუ 77 დადასტურებული შემთხვევა იყო, ახლა არის 79. ანუ ორი შემთხვევა დაემატა. როგორც ჩემთვის ცნობილია, მარნეულის წყაროა. ეს პაციენტები ჩვენს ცენტრში არ იმყოფებიან, რომელიღაც კოვიდის მიმღებ დაწესებულებებში არიან მოთავსებულები და იქ გააგრძელებენ ალბათ მკურნალობას. ჩვენი ცენტრის მონაცემები არ შეცვლილა“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებულ ოთხ პაციენტს, რომელთა მდგომარეობაც მძიმედ იყო შეფასებული, ეზუგბაია ამბობს, რომ ვითარება არ შეცვლილა.

„ჯერჯერობით მდგომარეობა არ შეცვლილა. ამ ოთხი პაციენტიდან ორი პაციენტი განსაკუთრებით მძიმეა, ერთი, ასაკოვანი ქალბატონი შეიძლება ჩაითვალოს კრიტიკულად. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, ვერ ვიტყვით, რომ მდგომარეობა დასტაბილურებულია. ამიტომ პროგნოზზე და გამოსავალზე საუბარი ჯერ ნაადრევია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

დატოვე კომენტარი