მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევიდან 15 ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევიდან 15 ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევიდან დიდი ნაწილი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება.

კერძოდ, ეზუგბაიას თქმით, 15 არის ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდან, სამი – სავანეთიდან, ხოლო დანარჩენი ბოლნისის კლასტერებია.

თავად ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 43 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ოთხი კლინიკაში გუშინ უკვე დადასტურებული დიაგნოზით შეიყვანეს.

ეზუგბაიას განმარტებით, კოვიდის-ცენტრებში ამჟამად 361 პაციენტი იმყოფება.

„დილის მონაცემებით გვქონდა 517 დადასტურებული შემთხვევა, 24 საათში დაგვემატა 22 ახალი შემთხვევა და გვაქვს 539. ასევე, 10 გამოჯანმრთელებული დაგვემატა გახდა 178. 22 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან დიდი უმეტესობა -15 არის თეთრიწყაროს კლასტერიდან, სავანეთიდან არის სამი, დანარჩენი ბოლნისია. ჩვენ გუშინ დღე-ღამეში ოთხი დადასტურებული შემოგვემატა და ამჟამად გვყავს 43 დადასტურებული შემთხვევა, ორი თეთრიწყაროდანაა, ორი ბოლნისიდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს კიდევ სამი ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

შესაბამისად, ინფექიურ საავადმყოფოში განკურნებულთა რიცხვი ამ დროისთვის 65-ს შეადგენს, ქვეყნის მასშტაბით კი -178-ია.

რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ ცენტრში მოთავსებული ოთხი ახალი პაციენტი ამ დროისთვის ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის და მათ გაფართოებული კვლევები ჩაუტარდებათ.

ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოს ამ ეტაპზე სამი მძიმე პაციენტი ჰყავს.

„გვყავს სამი პაციენტი მძიმე პნევმონიით. დანარჩენების მდგომარეობა უკვე საშუალო და მსუბუქია. ამ სამი პაციენტიდან ერთ-ერთი ასაკობრივად არის რისკჯგუფში, მეორესთან თანარსებული დაავადებაა, დიაბეტის სახით, დანარჩენ ორთან ამ თვალსაზრისით სიტუაცია სტაბილურია“, – დასძინა ეზუგბაიამ.