კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებულია, ერთის ინფიცირების წყარო სოფელი გაჩიანია, ხოლო 12 პაციენტის ინფიცირება სოფელ ლენჯერს უკავშირდება
კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებულია, ერთის ინფიცირების წყარო სოფელი გაჩიანია, ხოლო 12 პაციენტის ინფიცირება სოფელ ლენჯერს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებულია, ერთის ინფიცირების წყარო სოფელი გაჩიანია, ხოლო 12 პაციენტის ინფიცირება სოფელ ლენჯერს უკავშირდება.

მისივე თქმით, ამჟამად კოვიდცენტრებში 203 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია.

„დღეს ქვეყანაში არის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა. სულ ინფიცირებულთა რაოდენობა გახდა 1 278. ახალი შემთხვევების გადანაწილება ასეთია: ერთი პაციენტის წყარო სოფელი გაჩიანია, ერთი შემთხვევა შემოტანილია, ხოლო დანარჩენი 12 პაციენტის წყარო არის სოფელი ლენჯერი.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მხოლოდ ოთხი დაგვემატა და მათი რაოდენობა გახდა 1 058. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა წილი არის 82 პროცენტი. ამჟამად კოვიდცენტრებში 203 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის, შვიდი პაციენტი კვლავ კრიტიკულია. გუშინ რვა კრიტიკული პაციენტი იყო და ერთის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, ის მძიმეთა სიაში გადავიდა. დღევანდელი მონაცემებით, მძიმეთა სიაში გვყავს 16 პაციენტი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 38 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ექვსი ახალი პაციენტია.

„ჩვენს სივრცეში კვლავ რჩებიან მძიმე პაციენტები. სულ სამი მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“, – აღნიშნა მან.

ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შსს-ს სამი თანამშრომელი მკურნალობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.