მარინა ეზუგბაია - საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81 პროცენტზე მეტია
მარინა ეზუგბაია - საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81 პროცენტზე მეტია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81 პროცენტზე მეტია.

მისივე თქმით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 1182 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 962 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა იყო 1179 , ამ მონაცემებს დაემატა სამი ახალი პაციენტი და ჯამში ქვეყანაში ინფექციის 1182 დადასტურებული შემთხვევაა. ასევე, სამით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ჯამში, საქართველოში ინფექციისგან სულ 962 პაციენტია განკურნებული.

დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში სულ 241 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კვლავ 81 პროცენტზე მეტია. სიკვდილიანობის მაჩვენებელი უცვლელია, საქართველოში კორონავირუსით 17 პაციენტია გარდაცვლილი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაია მოქალაქეებს მოუწოდებს, ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები აუცილებლად დაიცვან, რათა ინფექციის გავრცელება თავიდან იქნას აცილებული.

„ინფექცია ადამიანს იმ შემთხვევაში არ გადაედება, თუ თავს დაიცავს დისტანცირებით, პირბადის ტარებით და ა.შ.  ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები ფიქტიური არ უნდა იყოს და მოქალაქეებმა წესები უნდა დაიცვან“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.