მარინა ეზუგბაია - ოთხ, ხუთ ათეულ ახალ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება, ასეულები არ უნდა იყოს, ამიტომ რეგულაციების შესრულებაზე კონტროლის გამკაცრებაა საჭირო
მარინა ეზუგბაია - ოთხ, ხუთ ათეულ ახალ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება, ასეულები არ უნდა იყოს, ამიტომ რეგულაციების შესრულებაზე კონტროლის გამკაცრებაა საჭირო

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია რეგულაციების შესრულება და მის აღსრულებაზე კონტროლი.

ეზუგბაია ამბობს, რომ ხუთი ათეული ახალი შემთხვევაც კი ჯანდაცვის სისტემისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა ასეულებში არ უნდა გადაიზარდოს.

„გუშინდელი მონაცემები 45, დღევანდელი 44 მიუთითებს, რომ გარკვეულწილად ქვეყანაში შემთხვევების მატებაა, რაც აუცილებლად ითხოვს არსებული რეგულაციების კონტროლს, აღსრულებაზეც და შესრულებაზეც კონტროლი უნდა განხორციელდეს. ის რეგულაციები, რაც ქვეყანაში არსებობს, არის მთავარი წინააღმდეგობა, რომ დაავადების გავრცელებას ხელი შეუშალოს. ეს გახლავთ დისტანცირება, პირბადეების ტარება და პირადი ჰიგიენის დაცვა. ამ რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. ეს არ ნიშნავს ქვეყანაში ზოგადად რეგულაციების გამკაცრებას, არსებულ რეგულაციებზე კონტროლის და აღსრულების მექანიზმები უნდა გამკაცრდეს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისში გამართულ ქორწილში ინფიცირების ხუთ შემთხვევას, ეზუგბაია ამბობს, რომ ქორწილი ფართომასშტაბიანი არ იყო, თუმცა ცხადია, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით თავყრილობები საფრთხეს წარმოადგენს.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, არ იყო ეს ფართომასშტაბიანი ქორწილი, რაოდენობრივად შეზღუდული იყო, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ იმაზე მეტი თავყრილობა, რაც რეგულაციის დაცვას საჭიროებს, საშიშროებას წარმოადგენს დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ფართომასშტაბიანი იქნება თუ არა, თავყრილობები, რომელიც ადამიანების დიდ რიცხვს მოიცავს, უნდა შეიზღუდოს, ან თუ არ შეიზღუდება, არსებული რეკომენდაციების მკაცრად აღსრულებაა საჭირო.

ასეთი მონაცემები არ იძლევა საშიშროებას, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუმკლავდება, უბრალოდ ვფიქრობთ, რომ ასეულები არ განვითარდეს. სამი, ოთხი და ხუთი ათეულიც არის ის მონაცემები, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება, არ დასჭირდება სერიოზული გარდაქმნები“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.